четверг, 3 марта 2011 г.

გონებაშეზღუდული პატიმრის დედა სიღნაღის პროკურატურას არაობიექტურობაში ადანაშაულებს

ავტომანქანის გატაცების ბრალდებით გონებაშეზღუდული ბიჭი 16 წლით ციხეში გამოამწყვდიეს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში მცხოვრებ 1977 წელს დაბადებულ გოჩა ბეჟანიშვილს, რომელიც II-ე ჯგუფის ინვალიდია, დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა 2009 წელს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ბეჟანიშვილი გონებაშეზღუდულია, მას საპატიმროში დარჩენა კიდევ დიდხანს მოუწევს. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, პროკურატურამ ის ავტომანქანის გატაცებაში დაადანაშაულა.

პატიმრის დედა მაყვალა ბიკაშვილი სიღნაღის პროკურატურას არაობიექტურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად არავის გაუთვალისწინებია.

სიღნაღის პროკურატურის პროკურორი დავით დუღაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ დაკავებული ბეჟანიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა დამატებით გამოიკვლიეს, თუმცა გაირკვა, რომ ის მომხდარს აცნობიერებს, ამიტომ პასუხისმგებლობას ვერ ააცილებდნენ:
,,ცხადია, ექსპერტიზის დასკვნას დაველოდეთ. დასკვნაში ხაზგასმით წერია, რომ ბეჟანიშვილი მართლაც გონებაშეზღუდულია, თუმცა ამის მიუხედავად ის თავის ქმედებებს აცნობიერებს. გვქონდა შემთხვევა, როცა გონებაშეზღუდული ადამიანი მხოლოდ საცვლებს და გამოუსადეგარ ნივთებს იპარავდა, ნათელი იყო, რომ ის საქციელს ვერ აცნობიერებდა. ამ შემთხვევაში კი გოჩა ბეჟანიშვილი ისეთ დანაშაულებს ჩადიოდა, საიდანაც სარგებელს ნახულობდა. ამას გარდა, დასკვნა ამტკიცებს, რომ ის ქმედებებს აცნობიერებს და აქედან გამომდინარე მივეცით პასუხისგებაში. მინდა გითხრათ, რომ მანამდე უამრავი წვრილმანი რამ ვაპატიეთ, მისი მდგომარეობის გამო გვეცოდებოდა, მაგრამ ის კვლავაც იმავეს აგრძელებდა," - აცხადებს დუღაშვილი.

მაყვალა ბიკაშვილი (დაკავებულის დედა): ,,სინამდვილეში მანქანის გამტაცებელი არის სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები თემურ გოგილაშვილი. ჩემი შვილი ისე ჩაჯდა მანქანაში, არ იცოდა, თუ მოპარული იყო. გოგილაშვილს რვა წლიანი სასჯელი მისცეს, ჩემს გონებაშეზღუდულ ინვალიდ შვილს კი ორჯერ მეტი. უსამართლოდ მოგვექცნენ. გოჩას მანამდე ორი პირობითი სასჯელი ჰქონდა და ვითარება ამან დაუმძიმა. ჩემი შვილი მომხდარს ვერ აცნობიერებს. 16-მდე თვლაც არ იცის და როგორ შეიძლება ამდენი ხნით ციხეში ჩასვან? ჯერ 2 წელია რაც დაპატიმრებულია და რომ დამირეკავს ხოლმე, სულ იმას მეკითხება 16 წელი ხომ გავიდა და სახლში რატომ არ მიშვებენო? იმასაც ვერ აანალიზებს, რა დრო გაატარა ციხეში. ფსიქიატრთან აღრიცხვაზე არის აყვანილი და სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ფაქტობრივად რაც მოხდა ეს მანქანის გატაცებაც არ იყო, უბრალოდ სოფელში პატრონისგან დაუკითხავად მანქანა დაღმართზე დააგორეს და სულ ეს იყო მათი დანაშაული. გონებაშეზღუდული ადამიანები მანქანების გატაცებას არ გეგმავენ. ამის სერიოზული განზრახვა ვერანაირად ვერ ექნებოდა. ამდენი რამის ჩამოყალიბების, დაგეგმვისა და გაანალიზების უნარი მას ნამდვილად არა აქვს".

პატიმრის დედა "ქიზიყთან" საუბარში გამომძიებელთა პირად ინტერესებზეც საუბრობს და მათ არაობიექტურობაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა გამომძიებელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ მას ეს საქმე წარმოებაში სულაც არ ჰქონია.

"ქიზიყმა" დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა ადგილობრივ მედიკოსებთან სცადა. დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ხელმძღვანელი, რაიონის მთავარი ექიმი ვანო ნატროშვილი "ქიზიყთან" საუბარში ადასტურებს, რომ გოჩა ბეჟანიშვილი გონებაშეზღუდულია. მისი თქმით, პაციენტი ფსიქიატრ ლობჯანიძესთან არის აღრიცხვაზე აყვანილი.

დაკავებულის ოჯახი საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს, თუმცა ამბობს, რომ სამართლის საპოვნელად და დედაქალაქში გასამგზავრებლად შესაბამისი სახსრები არ აქვთ. ისინი მედიასაშუალებებს, არასამთავრობო და უფლებადაცვით ორგანიზაციებს თანადგომისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, უსამართლობით დაღლილმა მაყვალა ბიკაშვილმა ახლახან მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში პროტესტის გამოხატვა ღიად სცადა და ფიროსმანობის დღესასწაულის ჩაშლას შეეცადა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *
პროდუქტებზე ფასის ზრდა განსაკუთრებით მწვავედ საზღვრისპირა სოფლებზე აისახა, ვითარებას სამთაწყაროს ხიდის ჩაკეტვაც ართულებს

სხვადასხვა პროდუქტზე ფასების გამუდმებული ზრდა განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლებზე აისახა. რაიონული ცენტრისგან მოწყვეტილ სოფლებში ვითარება დიდთოვლობამ და გზების არარსებობამაც გაართულა. ამ მხრივ მეტად სავალალო ვითარება შეიქმნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებშიც. საქმე იმაშია, რომ სამთაწყაროს ხიდის ჩაკეტვის შემდეგ მოსახლეობა ვეღარც საზღვარზე გადასვლას და პროდუქტების იაფად შემოტანას ახერხებს. ადგილობრივები ხელისუფლებას პენსიებისა და დახმარებების გაზრდისკენ მოუწოდებენ.

ცაცა დევაძე (სამთაწყარო 65 წლის): ,,ძალიან გაჭირვებაში ვართ, შვილო... სამთაწყაროში ვეღარც ყურძენი მოგვიყვანია, აღარც საზამთრო და კარტოფილი მოდის. ერთ დროს ჩვენი სოფელი ძალიან შეძლებული იყო, ახლა კი ხალხი აყრის პირასაა. უბან-უბან ჩამოიარეთ და ნახავთ, რომ მოსახლეობის უმეტესობა ისევ ბათუმში და თურქეთში არიან წასულები, რომ ერთი ორი კაპიკი იშოვონ და მშივრები არ დაიხოცნენ. ჩვენმა მთავრობამ მარტო ფასების ზრდა რომ ისწავლა, ნუთუ იმას ვეღარ ხვდებიან, რომ პენსიას და დახმარებასაც გაზრდა უნდა? ჩვენზე რატომ არავინ ფიქრობს...
მზია ანამიძე (46 წლის): ,,ავადმყოფი მეუღლე მყავს, ფილტვის პრობლემები აქვს. უმუშევრები ვართ, დედამთილის პენსიას შევყურებთ, არადა სამი შვილი გვყავს... ბავშვებსაც რამდენი რამ სჭირდებათ... ისეთი ფასებია ჩვენს სოფლებში, რომ ვერაფრით შევწვდებით. ჭამის დროს ბავშვები ერთმანეთს ხელებში შეჰყურებენ, ეს არის ცხოვრება?... ჩვენი ხელისუფლება ხალხისთვის სულაც არ ფიქრობს. პენსია და დახმარება მაინც გაზარდონ.
ჯემალ ჯიქურაშვილი (55 წლის): ,,ხუთ სულიანი ოჯახი გვაქვს, არც დახმარება გვაქვს, არც სამუშაო, არც სათბობი შეშა, არც ვაუჩერი მიგვიღია. უკიდურესად გვიჭირს, საით წავიდეთ და რა ვიღონოთ, აღარ ვიცით... ქურდობას ხომ არ დავიწყებთ. სურსათზე ფასებს ზრდიან და ზრდიან. უნდათ, რომ ხალხი შიმშილით ამოხოცონ. ყველაფერი მოგვბეზრდა, ამოვიდა ყელში, ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს. სამუშაო მაინც იყოს, რომ ვიარსებოთ...
მარუსა პაპიაშვილი (76 წლის): ,,მარტოხელა პენსიონერ ვარ, მუდმივად წამალ-ექიმი მჭირდება. ავადმყოფი ვარ, შვილო... ყველაფერი ისე გაძვირდა, ღამე რომ დავწვები სულ იმაზე ვფიქრობ, ჩემი კაპიკები რამდენ რამეს გავაწვდინო... გეფიცებით, სიკვდილი სანატრელი გაგვიხდა, ასეთ ყოფას სიკვდილი მირჩევნია. ამ ხნის ქალი ვარ და აქ ასეთი გაჭირვება ნამდვილად არ მახსოვს.
დალი ცეცხლაძე (მრავალშვილიანი დედა): ,,ზეთი 6,50 ლარი ღირს, ფქვილი 60 ლარი, კოლოგრამი შაქრის ფასი კარგა ხანია 3,50-ს ასცდა. სამთაწყაროსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფლებში ფასები ბევრად მაღალია. გგონიათ მთავრობამ არ იცის, რომ ფასების ზრდა ჩვენზე უარყოფითად აისახება? ძალიან კარგად იციან, მაგრამ თვითონ უზრუნველყოფილად ცხოვრობენ, არაფერი ადარდებთ. გაჭირვებული ხალხის ბედი სულაც არ ანაღვლებთ. პენსია და დახმარება მაინც გაზარდონ, თორემ ხალხს ამდენი უსამართლობა მოსწყინდა. ერთჯერადი ვაუჩერები ვითარებას ვერ გამოასწორებს, თუმცა ისინიც ბევრმა ვერ მიიღო. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий