суббота, 19 февраля 2011 г.

არაერთი ღატაკი ოჯახი ენერგო-ვაუჩერის გარეშე დარჩა

სხვა რაიონების მსგავსად, დედოფლისწყაროსა და მის სოფლებშიც არაერთი ღატაკი ოჯახი ენერგო-ვაუჩერის გარეშე დარჩა, ამის მიზეზი კი მათი მხრიდან ელექტროენერგიის ეკონომიური მოხმარება გახდა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, უკმაყოფილო მოსახლეობა ტერიტორიულ ორგანოებში პროტესტს ღიად გამოხატავდა და კუთვნილ ვაუჩერს უშედეგოდ ითხოვდა.

ქალაქ დედოფლისწყაროში, სკოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრები ლალი ჩალახეშაშვილი ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვის გამო ვაუჩერი ვერც მან მიიღო, რადგან ბოლო თვეების მანძილზე 200 კილოვატი არ დაუხარჯავს და დენს მუდმივად ზოგავდა:

,,ჩვენს კორპუსში მცხოვრებ ოჯახების ნახევარს ენერგო-ვაუჩერი არ შეხვდა, სიაში არ აღმოვჩნდით. როგორც გაირკვა, მხოლოდ მათ აძლევენ, ვინც 200 კილოვატზე მეტი მოიხმარა. ეს არის მოტყუება და ხალხის მასხრად აგდება. ეს ინიციატივა მხოლოდ ხელისუფლების პიარზე იყო გათვლილი. ამ შეღავათით ისევ შეძლებული ოჯახები სარგებლობენ. ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ვინც ყველაზე მეტად საჭიროებდა ამ სახის დახმარებას, სწორედ ისინი ვერ მიიღებენ ვაუჩერს, ხოლო ვინც ბევრს მოიხმარს და არც გადახდის პრობლემა აქვთ, სწორედ მათზე განაწილდა დახმარება. რატომ მოხდა ასე უსამართლოდ დაყოფა? ღარიბ ოჯახებს ამაზე პასუხს ვინ გაგვცემს?.. თურმე, დენს რომ ვზოგავდით და უსახსრობის გამო ეკონომიურად მოვიხმარდით დამნაშავეები ვყოფილვართ და, ამის გამო დახმარებას არ ვიმსახურებთ," - აცხადებს ლალი ჩალახეშაშვილი.

ანალოგიურ ვითარებაში დედოფლისწყაროს კიდევ არაერთი ხელმოკლე ოჯახი აღმოჩნდა, მათ შორის პროტესტს გამოხატავენ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსების მკვიდრნიც. მათი დიდი ნაწილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ვაუჩერი არც შეძლებული ოჯახებისგან მიუღიათ საჩუქრად. არადა, დედაქალაქსა და სხვა რაიონებში ზოგიერთს თავისიც მიუტანეს და მაღალჩინოსნებმა საკუთარი ვაუჩერიც აჩუქეს:

,,ნაციონალური მოძრაობის წევრებს ნუთუ არ ცხვენიათ?.. ისე დაწვრილმანდნენ, რომ 20 ლარიანი ბარათის წასაღებად ათი ტელეკამერა თუ არ წაიყვანეს, ისე წასვლას არ კადრულობენ. ქველმოქმედება უნდა გაშუქდეს, მაგრამ, უხერხულია, როცა 20 ლარიანი დახმარებით ამხელა პიარს იკეთებენ და აჟიოტაჟს ქმნიან. სამარცხვინოა მათი საქციელი," - აღშფოთებას ვერ ფარავს მოსახლეობა.

დედოფლისწყაროელი საჯარო მოხელეების მხრიდან კუთვნილი ვაუჩერის გაჩუქების შესახებ ინფორმაცია თვითმმართველობის ორგანოს პრეს-მდივნების მხრიდან არ გავრცელებულა.

როგორც ცნობილია, ოჯახებისთვის 20 ლარიანი ენერგო-ვაუჩერების დარიგებას მოსახლეობის ნაწილი, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები სკეპტიკურად უყურებენ. განსაკუთრებით უკმაყოფილებას ის ფაქტი იწვევს, რომ მისი გაცემის წესზე მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა. გაირკვა, რომ ვინც ყველაზე ცოტა ელექტროენერგიას მოიხმარს დახმარებით სწორედ ისინი ვერ ისარგებლებენ.

ქრისტიან-დემოკრატებმაც სპეციალურად გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნული წესი მკაცრად გააკრიტიკეს და მოითხოვეს, ვაუჩერები შეზღუდვების გარეშე ყველა ოჯახმა მიიღოს. მათი თქმით, მოსახლეობის ამგვარი დაყოფა დისკრიმინაციულია და ამ შეღავათით ყველა ღატაკი ოჯახები ვერ ისარგებლებდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
პრიორიტეტების გამოსავლენად სოფლების მაცხოვრებლებთან შეხვედრები დაიწყო


სოფლის პროგრამის პრიორიტეტების გამოსავლენად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. 18 თებერვალს დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი სოფლების არბოშიკის, მირზაანისა და ზემო მაჩხაანის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. როგორც ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, გარკვეული პრიორიტეტები უკვე დასახელდა:


,,ამ პროგრამის ფარგლებში ეს ჩვენი პირველი გასვლითი ვიზიტი იყო სოფლებში. შეხვედრამ ძალზე საინტერესოდ ჩაიარა. მოსახლეობამ ცალკეული პრიორიტეტები უკვე დაასხელა, ანკეტური პრინციპით გამოკითხვა კვლავაც გაგრძელდება და პრიორიტეტები უფრო კონკრეტულად შემდგომში შეჯერდება. გვინდა, ყველა მოქალაქის აზრი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული," - განმარტავს ბაღაშვილი.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, შეხვედრები კვლავაც აქტიურად გაგრძელდება. 19 თებერვალს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სოფლების ოზაანის, გამარჯვებისა და წითელწყაროს მაცხოვრებლებს შეხვდნენ, რის შემდეგაც ისინი აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფლებს ეწვევიან და ადგილობრივების პოზიციასაც მოისმენენ. მიმდინარე წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს, საერთო ჯამში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 355 752 ლარი გამოეყო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ოთხი საზღვრისპირა სოფლის სკოლაში გაკვეთილი ბრიტანელმა პედაგოგმა ჩაატარა

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლების საჯარო სკოლებში, გაკვეთილი ბრიტანელმა პედაგოგმა ჩაატარა. CENN-ის პროექტის- „მიწის რესურსების მდგრადი მართვა მიწის დეგრადაციის შემცირების და სიღარიბის დაძლევისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში“- ფარგლებში ოთხი სოფლის სამთაწყაროს, ფიროსმანის, საბათლოსა და ქვემო ქედის საჯარო სკოლისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო გაკვეთილი გარემოსდაცვით და სოფლის მეურნეობის საკითხებზე. გაკვეთილის მიმდინარეობისას ნაჩვენები იყო სლაიდები, შემაჯამებელ ვიქტორინაში კი მოსწავლეებმაც მიიღებს მონაწილეობა. ყველაზე აქტიურებს CENN-ის პროექტის ეროვნული კოორდინატორის ნინო თევზაძისგან საჩუქრები გადაეცათ. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий