დედოფლისწყაროში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულ ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტის ფარგლებში კიდევ 96 439 ძირი ხე დაირგო, მათ შორის სოფლებშიც.
გასული წლის დეკემბერში სოფელ საბათლოში 12 ჰექტარზე 1 926 ძირი ნერგი დაირგო, სოფელ გამარჯვებაში 9 ჰექტარზე 800 ძირი, ლენინოვკაში 10 ჰექტარზე გაშენდა 17 930 ძირი, ხოლო სოფელ მირზაანში 800 ნერგი.
როგორც სამუშაოების მწარმოებელი შპს ,,ტექნოსერვისი 1-ის ხელმძღვანელმა ბიძინა პოპიაშვილმა "ქიზიყს" აცნობა, ქარსაფარი ზოლების აღდგენის სამუშაოებზე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდა.
,,დაირგო აკაცია, იფანი, საპნის ხე, კაკალი, ნუში, ბროწეული და ფშატი. 35 ჰექტარ ფართობზე ქარსაფარი ზოლი გავაშენეთ ე.წ. ქვიშიანი წყლის ტერიტორიაზე. შირაქში დაირგა 1 000 ნერგი, ხოლო პატარა შირაქის ტერიტორიაზე 31 937 ძირი. აღსანიშნავია, ისიც რომ ნერგების მეთვალყურეობა, დაცვა და მათი მოვლა პატრონობა ასევე დაევალათ ზოლის მიმდებარე მიწის ნაკვეთების მეპატრონეებს. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ამჯერად სამუშაოებზე 90-მდე ადამიანი დასაქმდა," - განუცხადა "ქიზიყს" ბიძინა პოპიაშვილმა.
დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლების აღდგენა გაუდაბნოებასა და კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ხორციელდება და მას მუნიციპალიტეტთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება გერმანული დაფინანსებითა და უცხოელი სპეციალისტების დახმარებით ახორციელებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პროექტს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს. ოფიციალური ინფორმაციით, დედოფლისწყაროში გაუდაბნოების ყველა პარამეტრიც გამოვლინდა, რამაც პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა წარმოშვა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *
სოფლის პროგრამისთვის დედოფლისწყარომ 355 752 ლარი მიიღო
მიმდინარე წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონს 5 030 564 ლარი ერგო, საიდანაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 355 752 ლარი გამოეყო.
პრიორიტეტები ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთება, თანხა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა სოფლის მაჟორიტარებს მოუწოდა პროგრამის მეტი საჯაროობისთვის აქტიურად ჩაერთონ და მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებაზე იზრუნონ:
,,მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა სოფელში თვალსაჩინო ადგილზე მუდმივად იყოს გამოკრული ყველა ინფორმაცია სოფლის პროგრამის შესახებ და ვეცადოთ ყველა მოქალაქემდე მაქსიმალურად მივიდეს ინფორმაცია, რომ პრიორიტეტის გამოკვეთაში მთელი სოფელი ჩაერთოს და მერე არ იყოს პრეტენზიები, რომ ვინმემ არ იცოდა, ან მათი აზრი არ იყო გათვალისწინებული. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ამ კუთხით," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.
ამავე საკითხებზე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან მუშა შეხვერდა გამართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმაც. სოფლის რწმუნებულებს ცალკეული მითითებები მიეცათ, რომელთაც მოქალაქეთა ორგანიზება, გრაფიკების შედგენა და პრიორიტეტების განსაზღვრაში აქტიური ჩართულობა დაევალათ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий