среда, 2 февраля 2011 г.

ინციდენტი საკრებულოში - თეთრაულის წინააღმდეგ ბრალდებებზე პოლიციამ წინასწარი გამოძიება დაიწყო

ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დეპუტატის კაბინეტში. დედოფლისწყაროში, პატარა შირაქის დასახლებაში მცხოვრები 62 წლის ნუნუ ჩიბუხაშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარეს გელა თეთრაულს სიტყვიერი შეურაცხყოფასა და კაბინეტიდან გაძევებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ინციდენტს საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი ტრისტან ქურხულიშვილიც შეესწრო:
,,თეთრაულის კაბინეტში შევედი, ჩვენს პრობლემებზე და დაპირებებზე უნდა მესაუბრა. განაწყენებული იყო, მაგინებდა, საცემად იწევდა... აქ ვინ მოგაგზავნა, იმათი დედაო... წიხლი უნდა ამოგარტყა და აქედან ისე უნდა გაგაგდოო - ასე მეუბნებოდა... ისე გაღიზიანდა, სკამს წამოავლო ხელი, სულ სკამს ატრიალებდა. ტრისტან ქურხულიშვილი და კიდევ ერთი კაცი ძლივს აკავებდნენ, მთელი მეორე სართული ზედ შეიხედიეს... მისი კაბინეტიდან ატირებული პირდაპირ პოლიციაში მივედი, დამცირებული და შეურაცხყოფილი ვიყავი," - ამბობს ნუნუ ჩიბუხაშვილი.

მოქალაქის ბრალდებებს დეპუტატი გელა თეთრაული უარყოფს და ჩიბუხაშვილს ფსიქიატრთან შემოწმებას ურჩევს.

,,არა, ეს არის ტყუილი. არც მიგინებია და არც მისი ცემა მიცდია. ჩიბუხაშვილისთვის ცუდი არაფერი მიკადრებია. შეიძლება ადრინდელ რამეს გულისხმობს. ტრისტან ქურხულიშვილიც იქ იყო, მაგრამ ასეთი არაფერი ყოფილა. ადრე, შირაქის დასახლების სხვა მაცხოვრებლებს დავეხმარე და მე მაგ ქალთან არანაირი შეხება არ მქონია. არ ვიცი, მგონი, ეგ ქალი ნორმალური არ უნდა იყოს..." - აცხადებს თეთრაული.

როგორც "ქიზიყს" შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში განუცხადეს, ზეპირი შეტყობინების საფუძველზე, მომხდარი ფაქტის ირგვლივ, წინასწარი გამოძიება დაიწყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თეთრაულს მოქალაქეები კაბინეტიდან გაძევებაში ადანაშაულებენ. ამგვარი ფაქტი მისი გამგებლის მოადგილედ მუშაობის პერიოდშიც გახმაურდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

ომში დაღუპულთა მემორიალისთვის 6 000 ლარი გამოიყო

დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე ომში დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა გაიხსნება. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 000 ლარი უკვე გამოყო.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, რომ მემორიალური დაფა სავარაუდოდ ავტოსადგურის შენობის წინ მდებარე სკვერში დაიდგმება:

,,ეს მოედანი მთლიანად ომში დაღუპულ გმირთა სახელს ატარებს და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სკვერი მემორიალისთვის საუკეთესო ადგილია," - განმარტა გამგებელმა.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ორგანიზაცია განახორციელებს სამუშაოებს, თუმცა ცნობილია, რომ მემორიალური დაფა სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაიხსნება.

გასულ წლებში, მოსახლეობა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საპატივსაცემოდ ქუჩებისთვის მათივე სახელის მინიჭებას ითხოვდა, თუმცა წინა მოწვევის საკრებულომ ეს არ გაითვალისწინა და მხოლოდ მემორიალის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, 2008 წლის რუსული ინტერვენციის შედეგად დედოფლისწყარომ სამი მებრძოლი დაკარგა, რომელთა ასაკი 16-17 წელს არ აღემატებოდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *
ვაშლოვანის ნაკრძალში კიდევ ერთი ყოფილი პროკურორის გადაყვანას უარყოფენ

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურის ყოფილი პროკურორი გოჩა ჯანყარაშვილი, რომელიც ტესტირების შემდეგ პროკურატურიდან ახლახან გათავისუფლდა, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა - კატეგორიულად უარყოფენ.

ვაშლოვანის ნაკრძალის დირექტორი მერაბ ფიროსმანაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ადმინისტრაციაში დირექტორის მოადგილის შტატი საერთოდ არ არის და არც ჯანყარაშვილი დასაქმებულა.
"ქიზიყმა" ამ ინფორმაციის გადამოწმება ნაკრძალის ადმინისტრაციასთან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჩვენმა კორესპონდენტმა ჯანყარაშვილი და ფიროსმანაშვილი რამდენჯერმე ერთად შენიშნა.
შეგახსენებთ, მერაბ ფიროსმანაშვილიც ვაშლოვანის ადმინისტრაციის დირექტორად დანიშვნამდე წლების მანძილზე პროკურორის პოზიციაზე მუშაობდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

ჰერეთში კიდევ ერთი ქრისტიანული ტაძარი გაიხსნა

ჰერეთში დღემდე მხოლოდ ერთი, კახის წმინდა გიორგის ეკლესია მოქმედებდა. კახიდან 15 კილომეტრის მოშორებით სოფელ ალიბეგლოში, რომლის ისტორიული სახელია ქათმისხევი, გასული წლის 23 ნოემბერს, 1871 წელს აგებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის რესტავრაცია დაიწყო. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, საქართველოს საპატრიარქოსთან მოლაპარაკების შედეგად აზერბაიჯანის მხარემ ნება დართო ტაძრის ამოქმედებასა და წირვა-ლოცვის ჩატარებაზე.

სარემონტო სამუშაოებს კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვართან, მამა ბასილთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ორი თვის მანძილზე ახორციელებდა, რათა ნინოობა უკვე აღდგენილ ტაძარში ეზეიმათ. მამა ბასილმა 2011 წლის 27 იანვარს ნინოობას უკვე აღდგენილ, რესტავრირებულ ტაძარში პარაკლისი გადაიხადა, სადაც 500- მდე ადამიანი, ტაძრის მომავალი მრევლი მიმდებარე სოფლებიდან დაესწრო. დღესასწაულზე მისულ მრევლს დახვდა კეთილმოწყობილი ეკლესიის შიდა ინტერიერი. ტაძრის მოხატვა მომავლისთვისაა გათვალისწინებული.

ონლაინ გაზეთი ,,7 დღე“ ამ საკითხის ირგვლივ გეოგრაფის, თსუ-ს პროფესორის გიორგი დვალაშვილის ვრცელ კომენტარს აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს შორის ჰერეთი ერთადერთი ადგილია, სადაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია ოფიციალურად ვრცელდება.

,,სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დამთავრებულია. ადრე საეკლესიო რიტუალების შესასრულებლად მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები 15 კილომეტრის დაშორებით მდებარე კახის წმინდა გიორგის ტაძარს აკითხავდნენ. ამიერიდან მათ ყველა ქრისტიანული პროცედურის: ნათლობის, ჯვრისწერის, პარაკლისის ჩატარება ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში შეეძლებათ. ტაძარი გასაბჭოებამდე ფუნქციონირებდა და დიდი მრევლი ჰყავდა. ჯვარგუმბათოვანი და ბაზილიკის ერთიანი კომპლექსი საკმაოდ დიდი ტაძარია. გასაბჭოების შემდეგ ეკლესია სასუქის, გვარჯილის, საწყობად გადააქციეს. რესტავრაციამდე ეკლესიაში პარაკლისის გადახდა შეუძლებელი იყო შეუსაბამო პირობების გამო და პარაკლისის გადახდა ტაძარის ეზოში ხდებოდა.“ - თქვა გიორგი დვალაშვილმა.

მომავალში იგეგმება ნინოობის დღესასწაულის უფრო ფართო მაშტაბით აღნიშნვა: „იმედია, როგორც ქურმუხობას ჩამოდის ხალხი საქართველოდან კახში, ასევე ჩამოვა ნინოობას. თბილისიდან მხოლოდ 250 კმ აშორებს ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესიას. ეს არის ტაძარი, რომელიც ყველა მართმადიდებელს ელის.“

ისტორიული ჰერეთის ტერიტორია 1921 წლიდან საქართველოს შემადგენლობაში აღარ შედის. მისი ფართობი 4 780 კვ.კმ-ია. ჰერეთი ისეთივე ქართული მიწა-წყალია, როგორც ტაო-კლარჯეთი. იგი მოიცავს: კახს, ბელაქანს, ზაქათალას. აქ დაახლოებით 15 000-მდე ქართველი ცხოვრობს. აქედან ნახევარი მართმადიდებელი მოსახლეობაა, ისინი მეტწილად კახის სოფლებში: კახისთავში, ალიბეგლოში, მეშაბაშში, ქოთოქლოსა და ალათემურში ცხოვრობენ. ამ სოფლების ტოპონიმები, სამწუხაროდ, არაქართულია, რადგან დროთა განმავლობაში ქართული ტოპონიმები უცხოურით ჩაანაცვლეს.

დღევანდელ ჰერეთში ცხოვრობს ხალხი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სულიერებას, თავის ისტორიულ ეთნოსსა და მდგომარეობას ინარჩუნებს და ისინი კვლავ ქართველებად რჩებიან. საქართველოს საპატრიარქო ზრუნავს იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების სულიერი მთლიანობის შენარჩუნებაზე. ქართული ეკლესიის ძალისხმევით შეიქმნა „ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია,“ რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირებს.

მარიამ მჭედლიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий