понедельник, 7 февраля 2011 г.

პოლიციამ არხილოსკალოელი მამაკაცის მკვლელობისთვის 4 პირი დააკავა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს მკვიდრის, 42 წლის ზურაბ ბუთხუზის მკვლელობისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა.

1970 წელს დაბადებულ გრიგოლ ლომთაძეს ბრალი ბუთხუზის ცივი იარაღით მკვლელობაში ედება. "ქიზიყის" ინფორმაციით, მასთან ერთად დაკავებული არიან არჩილ ზაზიაშვილი და დავით შანავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის II-ე ნაწილით და 376- მუხლით მიმდინარეობს.

არჩილ ზაზიაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ ბუთხუზის ბინაში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, რის შემდეგაც სასმელი შემოაკლდათ, რასაც შეკამათება მოჰყვა. მისი თქმით, გრიგოლ ლომთაძემ საწოლთან წაქცეულ ზურაბ ბუთხუზს დანით ორი დარტყმა მიაყენა.

მასპინძელის გარდაცვალების შემდეგ ბინაში კიდევ ერთი პირი, 24 წლის ზურაბ ქვლივიშვილი ავიდა, რომელსაც მკვლელობაში ბრალდებულმა ლომთაძემ ძვირადღირებული სარეცხი მანქანისა და მაცივრის ბინიდან გატანასა და გაყიდვაში დახმარება სთხოვა.

როგორც გარდაცვლილის დამ ნათელა ბუთხუზმა "ქიზიყს" განუცხადა, დაკავებულ ბოროტმოქმედებთან ზურაბს დიდი ხნის ნაცნობობა არ აკავშირებს.

განზრახ მკვლელობისთვის გრიგოლ ლომიძეს 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ზაზიაშვილსა და ცანავას 7 წლამდე. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ზურაბ ქვლივიშვილი საპატიმროში 2-დან 4 წლამდე გაატარებს.

მკვლელობა გასული წლის 29 დეკემბერს მოხდა, ზურაბ ბუთხუზის გვამი კი ახლობლებმა მისივე ბინაში ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
საატესტაციო კომისია უკვე დაკომპლექტდა

თებერვლის ბოლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს ატესტაცია ჩაუტარდებათ. საატესტაციო კომისია, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი ხელმძღვანელობს უკვე დაკომპლექტებულია. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა აცნობა.

,,საატესტაციო კომისიისთვის უკვე გამოგვეყო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები, რომლებიც არიან ეროვნული გამოცდების მოქმედი წევრები. კომისია უკვე დაკომპლექტებულია, მასში ასევე შედიან გუბერნიიდან ნათია კაციაშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შაქრო ტერტერაშვილი. ჩვენი მიზანი იყო, რომ კომისიის წევრთა დიდი ნაწილი მოწვეული კადრებით დაკომპლექტებულიყო და ასეც მოხდა," - აცხადებს დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი.

საკრებულოში აცხადებენ, რომ ატესტაციის ჩატარების გაჭიანურება ტექნიკურმა სამუშაოებმა გამოიწვია: ,,ვიმედოვნებ, რომ დედოფლისწყაროში ტესტირება მიმდინარე თვის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში ჩატარდება. აქამდე ატესტაციის წესის შემუშავებასა და ტესტების შედგენაზე დრო დავკარგეთ. ამხელა დრო ფაქტობრივად ტექნიკურმა სამუშაოებმა წაიღო, ახლა კომისია სრულ მზადყოფნაშია," - განმარტავს ბაღაშვილი.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებული საჯარო მოხელეები ტესტირებისთვის უკვე ემზადებიან. ლევან ბაღაშვილის ინფორმაციით, ის, ვინც სათანადო ცოდნას ვერ გამოამჟღავნებს სამსახურის დატოვება მოუწევს. ვაკანტური ადგილების შევსება კი დედოფლისწყაროში ამიერიდან მხოლოდ კონკურსის წესით მოხდება.

ცნობილია, რომ კახეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში დაგეგმილ ატესტაციის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციები ბოიკოტს უცხადებენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი ტესტირებაზე დაკვირვებას იმ მიზეზით არ გეგმავს, რომ სასურველი კადრებისთვის ტესტის პასუხები წინასწარ არის ცნობილი და კახეთის რეგიონში განხორციელებული ატესტაციის პროცესები გამჭვირვალე არ ყოფილა.
/ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий