უკვე მერამდენე თვეა სამთაწყაროში აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ხიდი ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ჩაკეტა. "ქიზიყის" ინფორმაციით, ხიდის მეორე მხარეს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ გზის რეაბილიტაციის მასშტაბური პროცესი დაიწყო.
დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები კი საინგილოში მცხოვრებ ნათესავებთან კონტაქტს ვერ ახერხებენ და ხიდის გახსნას კვლავაც უშედეგოდ ითხოვენ.
სამთაწყაროელები სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს და საქართველოს ხელისუფლებას ძირძველი ქართული ტრადიციების მოშლის მცდელობაში ადანაშაულებენ და საინგილოსთან კონტაქტის აკრძალვაზე მიანიშნებენ.
იადონ პაპიაშვილი, 55 წლის (სოფ სამთაწყარო): ,,საინგილოში ნათესავები გვყავს და მათ მონახულებასაც ვერ ვახერხებთ. ხიდის იქით მხარეს აზერბაიჯანელებმა გზა კაპიტალურად მოაასფალტეს და მშვენივრად გააკეთეს, მაგრამ ჩვენი სასაზღვრო პოლიცია არ გვიშვებს. ჩვენს ხელისუფლებას უნდა, რომ საინგილოსთან კავშირი გავწყვიტოთ. უსამართლობის განცდა მაწუხებს და ეს უფრო მეტად მაღელვებს. ასობით ადამიანი ვართ ამ დღეში. მამიდა მყავს საინგილოში, ასევე ნათესავები თამაზაშვილები, ფოლადაშვილები და სხვა. აზერბაიჯანის მხრიდან მიმოსვლაზე შეზღუდვები არ გვაქვს, მხოლოდ ქართული მხარე გვიშლის ხელს. ძველი, ძირძველი სამთაწყაროელები ვინც ვართ, საინგილოში ნათესავები ყველას გვყავს, ვერც საფლავების მონახულებას და ქურმუხის ტაძარში სიარულს ვახერხებთ. არადა, ეს ჩვენი წინაპრების მიერ შემონახული ტრადიციებია. ამას ისიც ემატება, რომ სამთაწყაროში აუტანელ ვითარებაში ვიმყოფებით. ავადმყოფი, მოხუცი დედა მყავს. შეშაც ვერ გვიშოვია, ტყეშიც არ გვიშვებენ, რომ ხმელი ხეები მაინც მოვაგროვოთ. არადა, ჩვენს სოფელში შეშა არსად არ იყიდება".
,,ქართველი მესაზღვრეები გვემუქრებიან, ხიდზე ფეხი არ დადგათ, თორემ ავტომატს გადაგატარებ და მიგაცხრილავთო... ამ საქციელით უნდათ, რომ ძირძველი ტრადიციები მოსპონ და საინგილოსთან კავშირი იარაღის შიშით გაგვაწყვეტინონ?... ღმერთი აღარ სწამთ ამ ურჯულოებს?" - აღშფოთებას ვერ ფარავენ საზღვარზე ჩასახლებული მოქალაქეები.
სამთაწყაროს ხიდის ჩაკეტვის შესახებ ოფიციალური განმარტებები არ კეთდება. ერთ-ერთი ვერსიით, მიმოსვლის შეწყვეტა ხიდის ავარიულობას უკავშირდება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი აცხადებს, რომ რაიონის ხელმძღვანელობა სამთაწყაროს ხიდის ჩაკეტვის მიზეზებზე ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს.
რამდენიმე დღის წინ, "ქიზიყმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაუსაძლისი ვითარების გამო სამთაწყაროში ჩამოსახლებული ეკომიგრანტები აჭარაში დაბრუნებას ითხოვდნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *
სათნოების სახლის ხელმძღვანელის ვინაობა რამდენიმე დღეში გაირკვევა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დედოფლისწყაროს სათნოების სახლი. დედოფლისწყაროში მოქმედი ორი სათნოების სახლის გაერთიანების აუცილებლობა კანონში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია.
ამ ეტაპზე უცნობია, ყოფილი ხელმძღვანელებიდან რომელი დაიკავებს ახალი სათნოების სახლის ხელმძღვანელის პოსტს. დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურაზე რამდენიმე ადამიანი განიხილება, თუმცა მათი ვინაობის დაკონკრეტებას ჯერ ნაადრევად მიიჩნევს. ლევან ბაღაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტი 200-მდე უმწეოს გამოკვებას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს. მისი თქმით, სათნოების სახლის დაფინანსება 40 000 ლარით გაიზარდა.
,,დიდი სურვილი გვქონდა, რომ ისეთი შენობა მოგვეძებნა, სადაც ყველა ბენეფიციარი ერთად მოთავსდებოდა და სათნოების სახლი ერთ შენობაში განთავსდებოდა. სამწუხაროდ, ასეთი ობიექტი ვერ გამოვნახეთ. არ არის გამორიცხული, შენობები ისევ შეინარჩუნონ, თუმცა ისინი ერთიანი მმართველობის ქვეშ მოექცევიან," - აცხადებს ლევან ბაღაშვილი.
ორივე სათნოების სახლში დასაქმებული პერსონალი შეინარჩუნებს თუ არა სამსახურს, ამას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაში ვერ აკონკრეტებენ. მათი თქმით, პერსონალის შერჩევა ახალი ხელმძღვანელის სურვილის მიხედვით მოხდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
სოფელ ფიროსმანში წყლის კიდევ ერთი ჭაბურღილისთვის 22 ათასი ლარი გამოიყო
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფელ ფიროსმანის წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად დამატებით კიდევ 22 000 ლარი გამოიყო. ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებებს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე კენჭი უკვე უყარეს.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, სხვადასხვა სფეროებზე დაფინანსების ზრდა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ადგილობრივი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 28 იანვრის საკრებულოს სხდომაზე დედოფლისწყაროს ბიუჯეტი კიდევ 1 001 100 ლარით გაიზარდა.
"ქიზიყის" ინფორმაციით, სოფელ ფიროსმანში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად კიდევ ერთი ჭაბურღილის აგება იგეგმება, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ რამდენიმე თვეში საზღვრისპირა სოფელ ფიროსმანში წყლის პრობლემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий