დედოფლისწყაროში საჯარო მოხელეთა ატესტაცია თებერვლის დასაწყისში გაიმართება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ დედოფლისწყაროში საატესტაციო კომისია უკვე შექმნილი იყო და დეპუტატებმა კომისიის თავმჯდომარეც აირჩიეს, კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილი ჟურნალისტების დარწმუნებას კვლავაც ცდილობდა, თითქოს კახეთის მუნიციპალიტეტებში ატესტაციის ჩატარება საერთოდ არ იგეგმება.
„კვირის ბოლომდე საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები დაგეგმილი ატესტაციის შესახებ გაფრთხილებას მიიღებენ. ატესტაცია კი თებერვლის პირველ რიცხვებში ჩატარდება. ატესტაციის შედეგად თანამშრომლების მასობრივი შემცირება არ იგეგმება, ოპტიმიზაციაზე კი ვიფიქრებ, თუმცა ესეც უმნიშვნელო იქნება. ის თანამშრომლები, ვინც ატესტაციის შედეგად მინიმალურ გამსვლელ ქულას ვერ დააგროვებენ, დაქვეითდებიან ან გათავისუფლდებიან. ვაკანტურ თანამდებობებზე კი კონკურსი გამოცხადდება“, - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.
გაირკვა, რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის საჯარო მოხელეთა ატესტაციის პროცესის მონიტორინგს ბოიკოტს უცხადებენ და ტესტირებაზე დაკვირვებას არ აპირებენ.
როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისის იურისტმა ლია ხუროშვილმა განაცხადა, მონიტორინგს აზრი არ აქვს, რადგან იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა თანამდებობებზე დატოვებაც ხელმძღვანელობას სურს, ტესტები წინასწარ არის ხოლმე ცნობილი:
„2008 წლის 20 დეკემბერს ატესტაცია ჩატარდა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, 2009 წლის ივნისში კი გურჯაანის გამგეობაში. ორივე შემთხვევაში, ატესტაციის შედეგად ბევრმა ისეთმა თანამშრომელმა დააგროვა მაღალი ქულა, რომლებმაც არ იციან, რა არის საჯარო ინფორმაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა და ა.შ. მოგვიანებით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ატესტაციამდე გამგებლების და გუბერნატორის ნდობით აღჭურვილი პირებისთვის ტესტებში მოცემული საკითხები წინასწარ იყო ხელმისაწვდომი. ამასთან, ატესტაციის გავლის შემდეგ, მაღალი ქულების მქონე თანამშრომლები დანიშნეს სამსახურში, მერე განცხადებები დააწერინეს გათავისუფლებაზე და შემდეგ მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნეს. ზოგიერთი კი, ვისი მუშაობაც არ უნდოდათ, გაათავისუფლეს. ვაკანტურ თანამდებობებზე არ გამოცხადებულა კონკურსი და თანამშრომლები ნაცნობ-მეგობრობით შეარჩიეს“, - აღნიშნა ხუროშვილმა.
იგივე აზრის არიან რიგითი დედოფლისწყაროელებიც. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ის, ვისი გაყვანაც საკრებულოს თავმჯდომარეს სურს, ის საჭირო ქულებს აუცილებლად მოაგროვებს, ტესტირების პროცესი კი შესანიღბად და იმის დასამტკიცებლად სჭირდებათ, თითქოს დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში კადრების შერჩევა მართლაც ცოდნისა და კომპეტენციის მიხედვით ხდებოდეს და არა ძმაკაცური თუ ნაცნობ-მეგობრობის პრინციპებით. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ხელმოკლეთათვის დენის საფასურის გადახდის გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა
დედოფლისწყაროს საკრებულოს გადაწყვეტილებას საზოგადოებაში მომხრეებთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მიიჩნიეს, რომ სოციალურად დაუცველთათვის ყოველთვიური საფასურის გადახდით ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებს ელექტროენერგიის პრობლემას მოუხსნიდნენ.
ამ მიზნით, ახლახან საკრებულომ გადაწყვიტა, ცალკეული კატეგორიებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ნაცვლად მოხმარებული დენის საფასური ყოველთვიურად გადაურიცხონ.
"ქიზიყმა" კი გაარკვია, რომ ხელმოკლე ოჯახების ნაწილი თვეში საშუალოდ 3 - 4 ლარის ელექტრო ენერგიას მოიხმარს, ამიტომ ეს ცვლილება, რომელიც საშუალოდ თვეში 8-დან 12 ლარამდე პირდაპირ ენერგოდისტრიბუციაში გადარიცხვას ითვალისწინებს, ასეთი ოჯახებისთვის არცთუ ისე შეღავათიანი აღმოჩნდა. ბევრი მათგანი არგუმენტად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ასეთი ოჯახების დიდ ნაწილს ელექტრო ტექნიკა არ აქვს, შესაბამისად მოხმარებული ელექტრო ენერგიის მაჩვენებელი ყოველთვიურად საკმაოდ დაბალია, ამდენად ეს ნაბიჯი არა დახმარების გაზრდას, არამედ ბევრისთვის მის შემცირებასაც ნიშნავს:
ელენე წიკლაური (9 აპრილის ქუჩის მკვიდრი, მარჩენალდაკარგული): ,,2 წლის ობოლ ბავშვს ვზრდი, უკიდურესად გვიჭირს. ელექტროენერგიის გადასახადს ყოველთვე მხოლოდ 2 ლარს ვიხდი... ვუფრთხილდები, მუდმივად ეკონომიურად ვხარჯავ და 2 ლარზე მეტი ელექტროენერგია ჯერ არ დამიწვია. არც ელექტრო გამათბობელი და გამაცხელებელი მაქვს, არც სარეცხის მანქანა. ძალიანაც რომ მოვინდომო 8 ლარს ვერ დავწვავ. ასე კი ზარალში ვარ, ერთჯერადი დახმარების სახით უფრო მეტი თანხა შემხვდებოდა და დიდი შეღავათი მექნებოდა"...
თამარ ჩხიკვაძე (ნიკორციხის ქუჩა, 5 შვილის ქვრივი დედა): ,,სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ყოველთვიური დახმარება რამდენიმე თვის წინ შეგვიწყვიტეს. ახალ წელს მშივრები შევხვდით, ბავშვებს ტკბილეული და ხილიც ვერ ვუყიდე.. დენი შეჭრილი მაქვს, 5 შვილს სიბნელეში ვზრდი... დიდი დავალიანება მაქვს და ელექტროენერგია ამიტომ შემიჭრეს. რა ვიცი, რანაირად ვვისარგებლებ ამ შეღავათით, როცა დენის მიწოდება შეწყვეტილი მაქვს... ისე კი იმედი მქონდა, რომ ფულად დახმარებას ავიღებდი".
რიტა ყოჩიაშვილი (მარტოხელა დედა, 9 აპრილის ქუჩა): ,,ერთჯერადი დახმარება უფრო მაწყობდა. ასე წაგებაში ვარ. ელექტროენერგიის გადასახადს ყოველთვის მიზერულს ვიხდით, ეს დიდ ტვირთად სულაც არ გვაწვება. ფულადი დახმარების იმედი უფრო გვქონდა, ამოგვეშველებოდა ხოლმე. ახლა კი არ ვიცი რა ვქნათ"...
გოგიტა ყოჩიაშვილი (4 შვილის მამა, სოფ ჯაფარიძე): ,,თვეში 4-5 ლარს ვიხდით-ხოლმე, მეტ დენს ჩვენ არ მოვიხმართ... ძველი გადაწყვეტილების მიხედვით ოთხ შვილზე წელიწადში 200 ლარს ავიღებდი, ახლა კი დენის ფული ყოველთვიურად რომ მიხადონ, მართლა ზარალში ვარ... ის ფულადი დახმარება ჩემთვის დიდი შეღავათი იყო"...
ლუდა წიკლაური (რუსთაველის ქუჩის მკვიდრი, 4 შვილის დედა): ,,თვეში 2-3 ლარზე მეტს არ ვიხდი. ქვითრებს გადმოგილაგებთ და ნახეთ. სახლიდან სულ გასულები ვართ და დენს ფაქტობრივად არ მოვიხმარ. ამ ინიციატივას ვაპროტესტებ!... ეს ინიციატივა ფაქტიურად გამოუსადეგარი იქნება ჩემთვისაც და ბევრი ჩემნაირისთვის. შეამოწმეთ და ნახავთ, რომ ასეთი ოჯახები მინიმალური ოდენობის დენს მოვიხმართ".
მაია ტუხაშვილი (უნარშეზღუდული, მარტოხელა დედა): ,,არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა, ფაქტიურად ოჯახში ელექტრო ტექნიკა არ გაგვაჩნია. საკრებულოს გადაწყვეტილებას ვაპროტესტებ. შეღავათი ვერ იქნება, რადგან ისეც ცოტა დენს მოვიხმართ და ფულადი დახმარების აღება უფრო მნიშვნელოვანი იყო".
ამგვარი პრეტენზიებით დედოფლისწყაროს გამგეობის სოციალურ სამსახურს უკვე უამრავმა ადამიანმა მიაკითხა და უკმაყოფილება ღიად გამოხატა. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე "ქიზიყთან" საუბრისას ამბობს, რომ უკმაყოფილო ადამიანების შენიშვნები პირადად უკვე მოისმინა, თუმცა საკრებულომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო: ,,მესმის მათი შეშფოთება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს პრეროგატივა იყო. შარშან ასეთი გადაწყვეტილება იყო, წელს კი მუნიციპალიტეტის საკრებულომ ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა". /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий