მიმდინარე წლის 18 ივნისს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ნიკოლოზ შანშიაშვილი დედოფლისწყაროს გამგებლად ერთხმად აირჩია.
-- გასული 2 წლის განმავლობაში აქტიური შეხება მქონდა იმ იდეებთან და პროექტებთან, რასაც ჩვენი გუნდი დედოფლისწყაროში აკეთებდა. შეიძლება ითქვას, ყველგან უშუალო მონაწილე ვიყავი. გამგებლად მუშაობის დროს კი გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მექნება. ეს ნაბიჯი ჩემთვის ერთგვარი გამოცდაა, მინდა ხელმძღვანელის რანგშიც ვცადო საკუთარი შესაძლებლობები. ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა საკრებულოს სრული ნდობის გამოცხადებისთვის. სურვილი მაქვს, ჩემი ძალა და ენერგია ქვეყნის და ჩვენი მუნიციპალიტეტის მშენებლობას მოვახმარო.
-- გამოკვეთილად თუ გაქვთ რაიმე პრიორიტეტული საკითხი?
-- ბოლო წლების განმავლობაში დედოფლისწყაროში ბევრი რამ გაკეთდა და ბუნებრივია ბევრიც გასაკეთებელია. წელს დასრულდება ქალაქ დედოფლისწყაროს 100 პროცენტიანი წყალმომარაგება და შენარჩუნდება 24 საათიანი რეჟიმი, რაც ადგილობრივებისთვის გასულ წლებში დაუჯერებელი ოცნება იყო. ყველა სოფელში საქმე დაწყებულია და სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას მის ბოლომდე მისაყვანად.
-- ახალი გამგებლის მოსვლის შემდეგ საზოგადოებაში ახალი სახეების გამოჩენის მოლოდინიც დიდია ხოლმე, თუმცა თქვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა, მხოლოდ პოლიტიკური კარუსელი დატრიალდა და ახალი სავარძლები აპარატის თანამშრომლებმა დაინაწილეს... რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ ახალი კადრების მოყვანა?
-- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გადათამაშება მოხდა. ალექსანდრე ალუღიშვილს პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა აქვს, საკმაოდ გამოცდილია და ჩავთვალე, რომ გამგებლის მოადგილის პოსტს ის უკეთესად გაუძღვებოდა. ზოგიერთის დაწინაურება მოხდა. იგივე შემიძლია ვთქვა ნინო ჩოხელზე...
-- ანუ, ახალ კადრებს უპირატესობას არ ანიჭებთ?
-- ახალი სახეების გამოჩენას ყოველთვის მივესალმები და არ გამოვრიცხავ მომავალში ასეც მოხდეს.
-- ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მოადგილე წარადგინეთ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კიდევ ერთი მოადგილე გამგებელს აღარ ეყოლება?
-- არა, მომავალშიც ორი მოადგილე მეყოლება. ახლახან, თვითმმართველობის კანონში ცვლილება შევიდა და აღარ არის განსაზღვრული მოადგილეების დახარისხება გამგებლის მოადგილედ და პირველ მოადგილედ. სულ მალე მეორე მოადგილესაც დავნიშნავთ...
-- სავარაუდო გვარი მაინც დაგვისახელეთ, ვისი განხილვა მიდის?
-- შეჯერებული და ჩამოყალიბებული ჯერ არ ვარ და არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ, ან წინასწარ დავაკონკრეტო. მალე გაირკვევა მეორე მოადგილის ვინაობაც.
-- ბატონო ნიკოლოზ, მოსახლეობის ნაწილი ლევან ბაღაშვილის კადრად მოგიაზრებთ. დედოფლისწყაროში ბევრი მიიჩნევს, რომ ნუკრი შანშიაშვილი ძლიერი მმართველი ვერ იქნება და ბაღაშვილის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდებაო. ანუ, გაჩნდა ეჭვი, რომ გამგებლის ინსტიტუტი ჩვენს მუნიციპალიტეტში შესუსტდება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის კი საკმაოდ გაძლიერდება. თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ მოსახლეობის ამგვარ შეფასებებზე?
-- მე და ლევან ბაღაშვილი დიდი ხანია ვმეგობრობთ. ერთი გუნდის წევრები ვართ და სამსახურეობრივ ურთიერთობაშიც დიდი გამოცდილება გვაქვს. წლებია ერთად მოვდივართ. მე და ლევანი ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდით და გავითვალისწინებთ. საკრებულო და გამგეობა იქნება როგორც ერთი ორგანიზმი და ჰარმონიულად ვიმუშავებთ. ვეცდებით, ურთიერთშეთანხმებული თანამშრომლობა გვქონდეს... ვფიქრობ, რომ ასე უფრო უკეთესი შედეგები გვექნება.
-- ანუ, ამბობთ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ბაღაშვილზე დამოკიდებული არ იქნებით?
-- თვითმმართველობის კანონში ისეთი ცვლილებები შევიდა, საკრებულო ახლა უფრო გაძლიერდა. თუმცა, საკითხის ასე განხილვა, რომ გამგებელი დასუსტდება, ან ვიღაცის კადრია და გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, ასეთი მსჯელობა მართებული არ იქნება. გამგეობის გადასაწყვეტი რაც იქნება, იმ საკითხებში გადაწყვეტილებას მე მივიღებ!
-- როგორც რაიონის გამგებელი, საინტერესოა რას შეეწინააღმდეგებით თქვენს გუნდში. რა აღიზიანებს და რას არ დაუშვებს ნიკოლოზ შანშიაშვილი?
-- არ მიყვარს უპასუხისმგებლობა, სამსახურის მიმართ ერთგულებას ვაფასებ. არაპროფესიონალურ მიდგომას ვერ შევეგუები. ასეთის აღმოჩენ
ის შემთხვევაში პიროვნება ჩვენს რიგებს დატოვებს.
-- თვითმმართველობაში კლანური მმართველობის არსებობას როგორ უყურებთ?
-- როგორც იცით, ჩემი ნათესავი, ან ოჯახის წევრი დღემდე არ მუშაობდა თვითმმართველობის ორგანოში და არც ახლა იგეგმება.
-- კახეთის მასშტაბით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს საჯარო მოხელეების მეუღლეების დასაქმების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. ნებისმიერი თავისუფალი ვაკანსია ბოლო დროს სხვადასხვა მაღალჩინოსნების მეუღლეებით ივსება. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება: თამაზ კირვალიძისა და მისი მეუღლის, ლევან ნატროშვილისა და მისი მეუღლის... აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბოლო წლების მანძილზე დედოფლისწყაროს გამგეობაში სავარძლები ძმაკაცობისა და ახლობლობის პრინციპებით გადანაწილდა... ახლაც მეუღლეების, ჩოხელისა და ყოჩიაშვილის დაწინაურებაც ერთდროულად მოხდა და ორივეს ხელმძღვანელის სავარძლები ერთ დღეში ჩაახუტეთ...
-- თუ რომელიმე მათგანის მეუღლე სადმე მუშაობს, ამაში განსაკუთრებულს მე ვერაფერს ვხედავ. ჩემს პერიოდში ასეთი რამ არ მომხდარა... თუმცა, ვისაც გულისხმობთ, არცერთი გარედან არ მოსულა. ჩოხელი და ყოჩიაშვილი რომ ახსენეთ, ვთვლი, რომ თანამდებობები დამსახურებულად მიიღეს. ნინო ჩოხელი საკმაოდ აქტიურია და...
-- იმის გათვალისწინებით, რომ ექს-ლეიბორისტმა და მისმა მეუღლემ ხელმძღვანელის თანამდებობები მიიღეს, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციურ წარსულს პიროვნების დასაქმების დროს ყურადღებას არ მიაქცევთ და პოლიტიკური ნიშნით არ დაახარისხებთ?...
-- ცხადია, არა. აქცენტი გაკეთდება პიროვნების განათლებაზე, მის გამოცდილებასა და პასუხისმგებლობის უნარზე. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ თითოეული თანამშრომელი გვერდში მედგას. პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს არ დავყოფ...
-- მოსახლეობასთან შეხვედრების მხრივ რამდენად გეგმავთ აქტიურობას?
-- რა თქმა უნდა ვგეგმავ და უკვე დაგეგმილიც გვაქვს... გამგებლობა სავარძელში ჯდომას არ გულისხმობს. ხალხთან სიარულს და სოფლებთან სისტემატიურ ურთიერთობას ვაპირებთ. მოსახლეობის აზრის გაზიარება უფრო მეტად მოხდება. თუნდაც, ამა თუ იმ პროექტებთან დაკავშირებით. შევჯერდებით იმაზე, რა უფრო მეტად სჭირდება ხალხს.
-- როგორი დამოკიდებულება გაქვთ ზოგადად მედიის მიმართ?
-- არ მიყვარს, როცა ინფორმაციას არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა. რაც შეეხება ურთიერთობას, ამის საჭიროებაც არსებობს. აუცილებელია, რომ თვითმმართველობის მიერ გაკეთებული საქმეები სწორად იყოს გაშუქებული. მედია საუკეთესო საშუალება არის. მაგალითად, ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობა ძირითადად ადგილობრივი მედიით იგებს, რას ვაკეთებთ სხვა სოფლებში, ეს კი მნიშვნელოვანია.
-- თავიდან ყველა კარგად იწყებს, მაგრამ მერე გამგებლის კომენტარებისა და მოსაზრებების მოსმენა ხშირად რთულდება ხოლმე. რამდენად აქტიური და გახსნილი იქნებით ჟურნალისტებთან?
-- ჟურნალისტებთან ხშირი ურთიერთობის გამოცდილება არ მაქვს, თუმცა დამოკიდებულება მექნება მეგობრული. ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრობლემა არც მანამდე მქონია და ვფიქრობ, არც ახლა იქნება. მე მზად ვარ აქტიური და გულწრფელი თანამშრომლობისათვის.
-- რაკი მედიას შევეხეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ სხვა რაიონებთან შედარებით ადგილობრივი მედიასაშუალებების მხრივ დედოფლისწყაროში არცთუ სახარბიელო ვითარებაა. ბიუჯეტის დაფინანსებით თითქმის ყველა რაიონში ფუნქციონირებს ტელევიზია ან რადიო. რაკი მხოლოდ გაზეთი შირაქი იბეჭდება და ისიც 10 დღიანი ინტერვალით და საკმაოდ მცირე ფორმატით, მინდა გკითხოთ, როგორც გამგებელს რამდენად გაკმაყოფილებთ ეს რეჟიმი და ხომ არ ფიქრობთ ინტენსივობის ან ფორმატის გაზრდას?
-- ჯერ ამ საკითხზე არ მიფიქრია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ 10 დღიანი ინტერვალი დიდია და საკმარისი არ არის. ყოველგვარ სიახლეს მივესალმებით და გაზეთ შირაქის ფორმატის გაზრდაც საინტერესო სიახლე იქნებოდა, მაგრამ, ამაზე იმის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რის საშუალებას მოგვცემს ბიუჯეტი. მომავალში წინსვლაზე უნდა ვიფიქროთ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ რა ყურადღებაც აქამდე შირაქს ექცეოდა, უფრო მეტი დაეთმობა.
-- სოფლის რწმუნებულებს რაც შეეხება, აქაც იგივე გუნდით აპირებთ მუშაობას, თუ ცვლილებებს უნდა ველოდეთ?
-- რწმუნებულების საკითხზე ჯერ არ მიფიქრია. არ გამოვრიცხავ, რომ ცვლილებები საჭირო გახდეს, მაგრამ ამ ეტაპზე იგივე გუნდთან გავარგძელებ მუშაობას.
-- საკრებულოს მიერ თქვენდამი ნდობის გამოცხადების შემდეგ რა მითითებები მიეცით თანამშრომლებს?...
-- ჩემს არჩევამდე თითოეულთან მქონდა საუბარი. მოთხოვნა ჩემი მხრიდან ყოველთვის არის. სამსახურის უფროსები კარგად მუშაობდნენ, მეტი დატვირთვის საშუალებას მე ვერ ვხედავ...
ესაუბრა
ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий