четверг, 17 июня 2010 г.

შიშით გათენებული ღამეები და გამგეობისგან მოტყუებული ჭყოიძეების პრობლემები

რობიზონ ჭყოიძის ოჯახის მძიმე მდგომარეობაზე სოფელ ოზაანში ყველა საუბრობს. უკვე რამდენიმე წელია მათ ისედაც ძველ საცხოვრებელ სახლს ჩრდილოეთით მდებარე კედელი მთლიანად გადმოენგრა. ზამთარ-ზაფხულ ოთახებში მყოფი ადამიანების დანახვა ქუჩაში გამვლელებსაც თავისუფლად შეუძლიათ.
ოჯახის უფროსი და რობიზონ ჭყოიძე მისი მეუღლე ზინა ტყემალაძე მუდმივად ავადმყოფობენ. გაზეთ ქიზიყთან საუბრისას ისინი ამბობენ, რომ ბინის კედლების გამაგრებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს ყოველდღიურად საარსებო ლუკმის შოვნაც უჭირს, ამიტომ ღია კედლების აღდგენა ამ დრომდე ვერაფრით შეძლეს.
სოფელ ოზაანში მცხოვრები ჭყოიძეების ოჯახის რთული ვითარების შესახებ თავდაპირველად გაზეთი ქიზიყი დაინტერესდა და ვრცელი რეპორტაჟი ჯერ კიდევ 9 თვის წინ გამოაქვეყნა. ფოტო-მასალისა და ვითარების გაცნობის შემდეგ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა გაზეთ ქიზიყს განუცხადა, რომ თუკი ჭყოიძეები გამგეობას განცხადებით მიმართავდნენ, ასეთ შემთხვევაში მათი ბინის რეაბილიტაცია ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა და ასეთი კატეგორიის ბინებისთვის გათვალისწინებულ თანხას გამოუყოფდნენ. ბინის სარეაბილიტაციო სამუშაოებში დახმარებას ჭყოიძეებს გამგეობის წარმომადგენლები პირადადაც დაპირდნენ, თუმცა როგორც ჭყოიძეებმა გაზეთ ქიზიყს აცნობეს, დედოფლისწყაროს გამგეობიდან რეალური ნაბიჯები არ ჩანს დაპირება კი მხოლოდ ლიტონ სიტყვებად დარჩა.
ზინაიდა ტყემალაძე-ჭყოიძე: ,,-- წელიწადნახევარია ვიბრძვით, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. ავად ვართ, არც ამდენი სიარული შეგვიძლია და არც დედოფლისწყაროს გამგეობაში სიარულის ფინანსები გვაქვს. რამდენჯერმე სოფლის რწმუნებულს ვთხოვეთ და მანქანით იმან წაგვიყვანა, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. ზამთარში წავიქეცი და მოტეხილობები მქონდა, ჩემი ამდენი სიარული არც კი შეიძლება, მაგრამ სხვა გზა რომ არ იყო და სახლს დროზე მიხედვა უნდა, დედოფლისწყაროს გამგეობაში ბოლოს სამჯერ კიდე ვიყავით, განცხადებაც შეტანილი გვაქვს, მაგრამ რეალური პასუხი არ ჩანს... ჯერ არჩევნებია და მერეო. ხან არჩევნებს იმიზეზებდნენ, ხან რას. სოციალურ სამსახურშიც ბევრი ვიარეთ, მაგრამ ამაოდ... რა ვიცი, შვილო, რა გზას უნდა დავადგეთ, ვეღარ გაგვიგია...
-- გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ოჯახი განცხადებას შემოიტანს თანხას გამოვუყოფთო. დედოფლისწყაროში 700 ლარამდე დახმარება ასეთი კატეგორიის ბინებში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა უკვე მიიღო და განცხადება ნამდვილად თუ შეიტანეთ არც თქვენ უნდა შეგქმნოდათ პრობლემა, მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებით თანხები გაიცა...
-- არ ვიცი შვილო, თვეებია განცხადება დავწერეთ და გამგეობაში შევიტანეთ. სოფლის რწმუნებულს სოსო თევზაძესაც რამდენჯერმე შევახსენე, მაგრამ ჯერ არჩევნებია და მოიცადეთო. ამ არჩევნებმაც ჩაიარა და თვეც გავიდა, მაგრამ არაფერი ისმის... არადა ყოველთვის რომ რაიონში გამოვიდეთ და ყურადღება მივაქციოთ არც ამის საშუალება გვაქვს...
-- განცხადება ნამდვილად ბინის გამაგრების თაობაზე დაწერეთ? რას ითხოვთ ამ განცხადებით?
-- შენობის გამაგრებაში დახმარების გაწევას ვითხოვთ. ესაა ჩვენი ოჯახის მთავარი საწუხარი, სხვა რა უნდა მოგვეთხოვა. ბინის თაობაზე გვაქვს განცხადება შეტანილი. რა ვიცი, დაიცადეთ, დაიცადეთო იძახიან და როდემდე უნდა ვიცადოთ, სანამ ჭერიც თავზე არ დაგვემხობა?... აბა როგორია ასეთ სახლში ცხოვრება. ღამე მშვიდად ვერ ვიძინებთ, ყოველთვის გვგონია რომ დაინგრევა და ცოცხლად დაგვმარხავს. დღისითან გამვლელები ყველაფერს ხედავენ შიგნით რა ხდება. ასე უმადურად ვცხოვრობთ.
-- ზუსტად გახსოვთ, რომ გამგეობას მიმართეთ? იქნებ სოციალური მომსახურების სააგენტოში იყავით და განცხადებაც იქ შეიტანეთ...
-- არა, სოციალურ სააგენტოში არა... ბოლო დროს კი რწმუნებულმა წამოგვიყვანა და გამგეობის მესამე სართულზე ვიყავით. (შეგახსენებთ, მესამე სართულზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და მისი სამსახურები ფუნქციონირებს, მათ შორის სოციალური და ინფრასტრუქტურის სამსახურები.) ზუსტად არ ვიცი, სამსახურს რა ჰქვია, მაგრამ ბინის გამაგრების თაობაზე განცხადება ნამდვილად თვეების წინ შევიტანეთ...

მაშინ, როცა ჭყოიძეების დახმარებაზე კომანტარი ლევან ბაღაშვილმა გაზეთ ქიზიყთან საუბრისას თვეების წინ თავისივე სურვილით გააკეთა და დაზარალებულ ოჯახს დახმარებას პირადადაც დაპირდნენ, ამ ფონზე გაუგებარია, რატომ ჭიანურდება მათთვის რეალური დახმარების აღმოჩენა. ეს მაშინ, როცა ვითარება მართლაც საგანგაშოა. შენობა რომ დანგრევის საფრთხის წინაშე დგას ამაზე ფოტო-რეპორტაჟიც მეტყველებს. იმედია, ჭყოიძეები ფინანსურ დახმარებას მალე მიიღებენ და მათი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღარ დადგება. გაზეთი ქიზიყი პრობლემის მოგვარებას თვალყურს კვლავაც აქტიურად მიადევნებს.

ილია მარტყოფლიშვილი

რა აფიორის მსხვერპლი გახდა მარტოხელა პედაგოგი და როგორ ითაღლითეს სოციალურმა აგენტებმა?!

დედოფლისწყაროში ტაბიძის ქუჩაზე მცხოვრები მარტოხელა, დიაბეტით დაავადებული ყოფილი პედაგოგი, ვარდიკო მაჭარაშვილი სოციალური მომსახურების ცენტრის აგენტებს თაღლითობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თელავიდან შემოწმებაზე ჩამოსულებმა საბუთებზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს, რის შედეგადაც უკვე ორი თვეა დახმარება შეუწყდა.
რა აფიორას ემსხვერპლა 78 წლის ქალბატონი და როგორი თაღლითური სქემა აქვთ სოციალურ აგენტებს, ამას მარტოხელა პედაგოგის ინტერვიუდან შეიტყობთ.
მაჭარაშვილი ამბობს, რომ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ვეღარც საჭირო მედიკამენტებისა და საკვების შეძენას ახერხებს. მისი თქმით, მორიგი შემოწმების დროს აგენტებმა ზურაბ ღვედაშვილმა და კახა პატატიშვილმა ისე გაანერვიულეს, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო:
ვარდიკო მაჭარაშვილი (პედაგოგი): ,,-- ექვსი წელია დახმარების დანიშვნაზე ვიბრძვი, ძლივს მივაღწიე, თუმცა მხოლოდ 5 თვე ვიღებდი და ისეთი მაქინაციები ჩამიტარეს, 2 თვეა ისევ შემიწყდა. 24 წელია დიაბეტიანი ვარ, ცუდად ვხდები ხოლმე. თელაველი აგენტები ზურაბ ღვედაშვილი და კახა პატატიშვილი რომ მოვიდნენ შეუძლოდ ვიყავი, ასე მითხრეს გარეთ გაგვყევი მანქანასთან ხელი უნდა მოგვიწეროო. საერთოდ, წაუკითხავად ხელს არაფერს ვაწერ, მაგრამ ცუდად ვიყავი და აღარ გადავიკითხე. თან ვიფიქრე ალბათ რომ შემამოწმეს ხელმოწერა ვიზიტის დასადასტურებლად არის საჭირო მეთქი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აგენტებმა ხელი მოტყუებით იმაზე მომაწერინეს, რომ მე ამ სახლში მუდმივად არ ვცხოვრობ და ამის გამო უკვე მესამე თვეა დახმარება შემიწყდა და რთულ ვითარებაში აღმოვჩნდი. მარტოხელა ვარ და წამალ-ექიმი მუდმივად მჭირდება, მხოლოდ პენსია კი საკმარისი არ არის. ყოველ ღამე კომაში ჩავარდნას ველოდები. წამლებს კი არა პენსია კვებაშიც არ მყოფნის.
-- იძულებითი ხელმოწერა არ გააპროტესტეთ? ხელმძღვანელობასთან არ იჩივლეთ?
-- ვიბრძვი, მაგრამ სიმართლეს ვერსად მივაღწიე. თბილისში ვიჩივლე, მაგრამ პასუხი მომივიდა, რომ მათ არაფერი დაურღვევიათო. მერე განცხადება სააგენტოში ხელახლა შევიტანე. შესამოწმებლად კიდევ რომ მოვიდნენ ვითარება ავუხსენი და ვუთხარი, რომ საქმე ისე შეკერეს, თითქოს მე აქ არ ვცხოვრობ, ამიტომ ამაზე ხელს არ მოგიწერთ მეთქი. წასვლისას აგენტებმა ჩაილაპარაკეს, რომ ჩვენ იმ აგენტებს მაინც დავიცავთ და მაინც გავაკეთებთო... ისე გამანერვიულეს ცუდად გავხდი და ძლივს მომაბრუნეს. ისიც თქვეს, დროზე წავიდეთ, ეს ქალი ხელში არ შემოგვაკვდესო... ამდენი განუკითხაობა ვერ ავიტანე. ჯიბრით მეუბნებოდნენ, შენ გინდაც ხელი არ მოგვიწერო, ჩვენ მაინც ისე გავაკეთებთ, როგორც გვინდაო... ესაა მაგათი დახმარება?... ისევ დიდი ქულები მოვიდა და უარი მეთქვა დახმარებაზე. ადგილობრივმა სოც-აგენტებმა ბინის მდგომარეობა ისე აღწერეს ვეხვეწე და შიგნით არ შემოსულან. არადა ათასჯერ გავუმეორე ოთახები მძიმე მდგომარეობაშია, იატაკი ჩავარდნილია, შემოდით და ნახეთ მეთქი მაგრამ არ გაიგონეს. რაც უნდოდათ ის ჩაწერეს დეკლარაციაში.
-- გამგეობას თუ მიმართეთ და რა პასუხი მიიღეთ მათგან?
-- დიაბეტის გამო ქირუქგმა მითხრა მარცხენა ფეხი მოსაკვეთი გაქვსო. გამგეობაში ტირილით დიდხანს დავდიოდი. გამგეობის სოციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, ლევან ჯამალაშვილს 4 წელი ვეხვეწებოდი სასადილოში მაინც ჩამწერე-მეთქი, მაგრამ უხეშად მიშორებდა - ადგილი არა მაქვსო... არადა სია 60-დან 100 კაცამდე მაინც იზრდებოდა. მე აღმოვჩნდი ზედმეტი.
-- ანუ, ლევან ჯამალაშვილის ხუშტურების გამო არც უფასო კვებით სარგებლობთ?
-- ბოლოს 4 წლის შემდეგ ჩემი ახლობელი გარდაიცვალა და ჯერ დაკრძალულიც არ იყო, მივედი და მოვითხოვე ისე ხომ არ მწერთ და იმის ადგილას მაინც ჩამწერეთ მეთქი. ამასაც დიდი ბრძოლით მივაღწიე და 5 თვეა რაც უფასო სასადილოში ჩამწერეს, თუმცა კვებით მთლად კმაყოფილი არ ვარ...
პარლამენტართანაც ბევრი ვიარე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთო ლეკაშვილთან მთელი წელი დავდიოდი, მაგრამ ვერც დასაქმებაზე დამეხმარა, ვერც კვებაზე... ბევრი სიარულის შემდეგ დეპუტატის დახმარება მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ 1 ტომარა ფქვილი მომცა. საცოდავი ხალხი სამართალს ვერ ვიპოვით, სადაც არ უნდა ვიყოთ და რაც უნდა ვიბრძოლოთ... არადა, 45 წლიანი პედაგოგობის სტაჟი მაქვს და ასე უყურადღებოდ ვარ. დახმარება რომ არ მოეხსნათ, ასე რთულად არ ვიქნებოდი, თან ინსულინზე ვარ და დღეში რამდენჯერმე ინსულინს ვიკეთებ... აღარ ვიცი გამოსავალი სად ვიპოვო... -- აცხადებს უიმედოდ დარჩენილი ვარდიკო მაჭარაშვილი.
გაზეთი ქიზიყი ამ საკითხის ირგვლივ კომენტარების მოპოვებას სოციალური მომსახურების სააგენტოდან ცდილობს. მიღებისთანავე მათ მოსაზრებებსაც ვრცლად შემოგთავაზებთ. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი

ვეტ-სამსახური ტრიქინელოზის საფრთხეს ხედავს და ღორის ხორცის შეძენისას სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის დედოფლისწყაროს სამმართველო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ტრიქინელოზის დაავადების გავრცელების საშიშროებაზე მიანიშნებს. სამმართველო მოსახლეობას დაავადების თავიდან აცილების მიზნით სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
,,მოგმართავთ თხოვნით, თქვენი კეთილდღეობის მიზნით გარემოვაჭრეებიდან შეუმოწმებელი ხორცის შეძენაზე თავი შეიკავოთ, ხოლო იმ ვეტექიმებს, რომლებსაც რაიონის ბაზრის და სხვადასხვა მაღაზიებთან აქვთ დადებული ხელშეკრულება და ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან, ევალებათ აწარმოონ ყოველი დაკლული ღორის ტან-ხორცის აუცილებელი გამოკვლევა ტრიქინელოზზე. -- ნათქვამია დედოფლისწყაროს სამმართველოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
გაზეთი ქიზიყი იმის გარკვევას შეეცადა, ხომ არ გამოვლინდა ტრიქინელოზის შემთხვევა ადამიანებშიც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლალი ალადაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში აცხადებს, რომ საბედნიეროდ, ამ ეტაპზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტრიქინელოზის ადამიანზე გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა და მათთვის არავის მიუკითხავს, თუმცა საფრთხე არსებობს.
ტრიქინელოზის დაავადება ღორებში ძირითადად პირუტყვის ნაგავსაყრელებზე ხეტიალისას ვრცელდება და დაავადებული ხორცის საკვებად გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

1 комментарий:

  1. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ОтветитьУдалить