пятница, 7 марта 2014 г.

ლევან ნატროშვილი: იმპიჩმენტზე მათი აზრის გათვალისწინებას არ ვაპირებ

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი მისი იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელმოწერების დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარს კახეთის რეგიონულ მედიასთან აკეთებს. ნატროშვილი ამბობს, რომ არავის აზრის გათვალისწინებას არ აპირებს.
„საკრებულოში კადრების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით ხდება და ეს უნდა იცოდეს განცხადების ავტორმა. რაც შეეხება სოციალურ პრობლემებს, მე თუ არ ვმუშაობ სოციალურ პაკეტზე აბა ვინ მუშაობს? ბიუროზე მაქვს გატანილი უკვე სოციალური პაკეტი. რაც შეეხება იმპიჩმენტს, მათი აზრის გათვალისწინებას არ ვაპირებ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლევან ნატროშვილმა.
დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება კახა კუკავას პარტიამ დაიწყო. პარტია „თავისუფალი საქართველო“ ხელმოწერების აქტიურად შეგროვებას განაგრძობს.
ამასთან, ნატროშვილი მიიჩნევს, რომ მისი იმპიჩმენტი შეუძლებელია და ეს მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს. იურისტები კი განმარტავენ, რომ დედოფლისწყაროში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ორი მესამედის ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში იმპიჩმენტი შესაძლებელია.
ლევან ნატროშვილის გადადგომის მოთხოვნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ლევან ნატროშვილის ყოფილი თანაგუნდელები, მისი გადადგომის მოთხოვნას ღიად უერთდებიან და ხელმოწერის მზაობას აფიქსირებენ. /ქიზიყი/

четверг, 6 марта 2014 г.

ვაშლოვანის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს უმასპინძლა

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ ნაკრძალის საკონფერენციო დარბაზში დედოფლისწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები გამართა.
 
როგორც გაზეთ „ქიზიყს“ ვაშლოვანის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ჩატარდა პრეზენტაცია დაცული ტერიტორიისა და ჯეირნის რეინტროდუქციის შესახებ, რამაც ახალგაზრდებში საკმაო ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით მათ სპეციალური ბუკლეტები დაურიგდათ.

შეხვედრებქალაქ დედოფლისწყაროს N1 და N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. /ქიზიყი/ გიორგი ლაღიძე

среда, 5 марта 2014 г.

პრემიერის მშობლიურ სოფელში მოსახლეობამ პრიორიტეტები დაასახელა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ ღარიბაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტების გამოსავლენად სოფლების ხორნაბუჯისა და ჭოეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფლის კრებაზე გადაწყდა, რომ ამ პროგრამით ხორნაბუჯში სტადიონი გაკეთდება და ამავე სოფლის საბავშო ბაღში ატრაქციონები დაიდგმება. ხოლო, სოფელ ჭოეთში წყლის სათავის გაწმენდა მოხდება და ჭა კეთილმოეწყობა.

ასევე, მოსახლეობამ პრიორიტეტი სოფლის ნაგავსაყრელის გაწმენდას მიანიჭა.

შეგახსენებთ, ხორნაბუჯი პრემიერ ირაკლი ღრიბაშვილის მშობლიური სოფელია. /ქიზიყი/




вторник, 4 марта 2014 г.

დედოფლისწყაროს საკრებულოს იმპიჩმეტნის მოთხოვნით ხელმოწერებს შეაგროვებენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ნატროშვილის გადადგომის და საკრებულოს იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იგეგმება. პროცესის დაწყებას მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია გეგმავს.
„საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში დიდი საკადრო ცვლილებები არ შეინიშნება, თითმის უცვლელად სხედან ძველი, ნაცმოძრაობისთვის თავგადაკლული კადრები.  ხალხის მოლოდინი სამართლიანობის აღდგენაზე და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ოცნებად დარჩა. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა, რაც ხალხს კეთილგანწყობას გამოიწვევდა ჩვენს რაიონში არ განხორციელებულა, ინფრასრუქტურული სამუშაოების გარდა.
მაგალითად, გურჯაანში თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება მრავალშვილიანი დედებისთვის სამი შვილის შემდეგ ყოველ შემდგომ ბავშვზე ყოველთვიური ასლარიანი დახმარების შესახებ. ასევე, ისინი გასცემენ ეგრეთ წოდებულ ერთჯერად დახმარებებს სოციალურად გაჭირვებულებზე. დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ამის შესახებ აცხადებს, რომ ასეთ და სხვა სახის პროექტების შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მათ უამრავი ხალხი მიაწყდებათ.
მინდა შევახსენო ადგილობრივ თვითმმართველობას და საკრებულოს თავმჯდომარეს, ახალი ხელისუფლების ცვლილება ხალხს იმიტომ კი არ უნდოდა, რომ ხელისუფლების მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, რომ ჩამსხდარიყვნენ ძვირადღირებულ მანქანებში, რომ გაზრდილიყო მათი ოჯახის ბიუჯეტი, არამედ  უნდა მოეხდინათ პირველ რიგში იმ მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარება, რაც წინა ხელისუფლების დროს აწუხებდათ,- ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მინდა მივმართო დედოფლისწყაროს ახალ გამგებელს, ბატონ ჯანიაშვილს, მოამზადონ შესაბამისი ხალხზე ორიენტირებული პროექტები და თუ საკრებულო არ დაამტკიცებს ამ პროექტებს სხდომაზე, ჩვენ მოვაწყობთ საპროტესტო აქციას საკრებულოს თავმჯდომრის და მკაცრად მოვითხოვთ მთლიანად დედოფლისწყაროს საკრებულოს იმპიჩმენტს,“ - აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს რაიონის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი.
დედოფლისწყაროს საკრებულოს უმოქმედობაზე საუბრობს დედოფლისწყაროში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაც. ქიზიყი.ge-ს რედაქცია საკრებულოს იმპიჩმენტის აუცილებლობას ხედავს. გამოცემის რედაქტორის, ილია მარტყოფლიშვილის განმარტებით, არჩევითი ორგანო დედოფლისწყაროში ოდნავაც ვერ გრძნობს ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებას და საკრებულო ცალსხად უგულებელჰყოფს გამჭვირვალეობის პრინციპებს. /ქიზიყი/