пятница, 8 октября 2010 г.

ზედამხედველობის სამსახური წითელწყაროში თანხების მითვისების საკითხს საჩივრის შესვლის შემდეგ შეისწავლის

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური სოფელ წითელწყაროში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე თანხების მითვისებასთან დაკავშირებით საქმის შესწავლას მხოლოდ საჩივრის შესვლის შემდეგ მოახდენს. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყს“ ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ თეთრაულმა განუცხადა. მისი თქმით, თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ინფორმაციას ფლობს, თუმცა საქმის შესწავლას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, თუ გამგეობაში მოსახლეობის საჩივარი ოფიციალურად შევა:
-- ბატონო ავთანდილ, გაირკვა, რომ სოფელ წითელწყაროში სოფლის პროგრამის სამუშაოებისთვის ცალკეულმა მეწარმეებმა სამშენებლო მასალები სოფელს უსასყიდლოდ გადასცეს, საბოლოო ჯამში ამაზე თანხა მაინც გადაირიცხა. უკვე დადასტურდა, რომ სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები „მუქთად“ შესრულდა, თანხის დიდი ნაწილი კი დაუხარჯავი დარჩა. მოსახლეობა საფუძვლიანად ეჭვობს, რომ თანხა გელა თეთრაულმა, ტარიელ ღარიბაშვილმა და ილია ჯინაშვილმა მიითვისეს. თქვენ, როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ამ საქმის დეტალებით რატომ არ ინტერესდებით?... რადგან თქვენი მოგვარე ფიგურირებს, ამიტომ თავი სირაქლემას პოზიციაში უნდა ჩაიყენოთ?... აბა, რას ზედამხედველობთ, ამგვარ დარღვევებს თუ არ მოიკვლევთ?...
ავთანდილ თეთრაული: „ამ სამუშაოების ირგვლივ არსებული პრეტენზიების შესახებ მსმენია და ვიცი, რომ მედიაშიც გამოქვეყნდა. თუმცა, სოფელ წითელწყაროში განხორციელებულ სამუშაოებს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგემნელი კურირებდა და ყურადღებას აქცევდა. ჩემი სამსახური მას შემდეგ ჩაერთვება, თუ ადგილობრივი მოსახლეობა ოფიციალურ საჩივარს შემოიტანს. მანამდე ამ საკითხის ირგვლივ კონკრეტულს არაფერს ვგეგმავთ.

„ქიზიყის“ მიერ მოპოვებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, სოფელ წითელწყაროში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებიც ამ სამუშაოებით უკმაყოფილებას გამოხატავენ და თანხების მითვისების ფაქტზე მიანიშნებენ, ამ დღეებში გამგეობაში სპეციალური საჩივარის შეტანას აუცილებლად გეგმავენ. წითელწყაროელები ირწმუნებიან, რომ სოფლისთვის გამოყოფილი ფული კონკრეტული ადამიანების ჯიბეში წავიდა და შესაბამის ორგანოებს გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, ამასწინათ, „ქიზიყის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სოფელ წითელწყაროში სოფლის პროგრამით განხორციელებულ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები და თავად მეწარმეები ადასტურებდნენ, რომ სამშენებლო მასალები უფასოდ გადაეცათ. იგივე დაადასტურა სოფლის რწმუნებულმა ტარიელ ღარიბაშვილმაც.

ამდენად, თუკი ყველა მხარე ადასტურებს, რომ სამუშაოები უდანახარჯოდ განხორციელდა და ფული თითქმის არაფერში დახარჯულა, ყველასთვის გაუგებარი რჩება, რატომ არ ინტერესდება დედოფლისწყაროს ხელმძღვანელობა, ანდა შესაბამისი სამსახურები, სად წავიდა საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული თანხა?... მოსახლეობა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ბრძოლას გეგმავს და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

საკრებულომ სოც-პაკეტი კიდევ 25 ათასით გაზარდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სოციალური პაკეტის ბიუჯეტის კიდევ 25 ათასით გაზრდის საკითხს კენჭი უყარეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, გაზრდილი თანხა სტაციონარული მკურნალობის ხარჯებს მოხმარდება. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, შეიცვალა სოციალური პაკეტიდან თანხების განკარგვის წესიც: ,,სხვადასხვა ხარჯებს თანხა მოვაკელით და სოციალური პაკეტისკენ გადავამისამართეთ. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებიც ამან გამოიწვია. ამიერიდან, შეიცვლება სოც-პაკეტიდან თანხების განკარგვის წესი. სოციალურ სააგენტოში დარეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც 150 000 ქულამდე აქვთ, ოპერაციების დროს თანადაფინანსებებს მიიღებენ. თუ აქამდე სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ონკოლოგიური ავადმყოფები, ერთჯერადი დახმარების სახით, წელიწადში მხოლოდ 500 ლარს იღებდნენ, მომავალი წლიდან შესაძლებელი ხდება 500 ლარიანი დახმარება განმეორებითაც მიიღონ." - აცხადებს ლევან ბაღაშვილი. იქვე, საკრებულოს თავმჯდომარე გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ხაზს უსვამს, რომ ცვლილებები, რომელსაც დეპუტატებმა კენჭი ბოლო სხდომაზე უყარეს, ზალაში 2011 წლის იანვრიდან შევა. შეგახსენებთ, სოც-პაკეტი დედოფლისწყაროში ბოლო დროს უკვე მეორედ გაიზარდა. ამასწინათ, 35 ათასი ლარი დაემატა. ბაღაშვილი ირწმუნება, რომ მისი მოსვლის შემდეგ დედოფლისწყაროში სოც-პაკეტი 300%-ით გაიზარდა. /ქიზიყი/
* * *
წითელწყაროს სკოლა გერმანელ ბავშვებს უმასპინძლებს


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს საჯარო სკოლას გერმანელი ბავშვების 10 კაციანი ჯგუფი ესტუმრა. სოფელ წითელწყაროს საჯარო სკოლაში ქართველი და გერმანელი ბავშვების დამეგობრება და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდება. ხუთშაბათს გერმანელი ბავშვები ვაშლოვანის ნაკრძალში ჩავლენ, ხოლო შემდეგ დალის ტბის წყალსაცავს დაათვალიერებენ. პარასკევს სტუმრები განახლებულ სიღნაღს ეწვევიან და სახსოვრად ხის ნერგებს დარგავენ. ქალაქ ობერურსელიდან გერმანელი ბავშვების სტუმრობა, პროექტის “კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი დეგრადირებული ლანდშაფტების რეაბილიტაცია საქართველოში” ხორციელდება. დაგეგმილია ქართველი ბავშვები საპასუხო სტუმრობა გერმანიაში. სტუმრები კახეთში 8 ოქტომბრამდე დარჩებიან. /გუბერნიის პრეს-სამსახური/
* * *
დედოფლისწყაროში ამ დროისთვის მხოლოდ მიწის 10% მოიხნა

აგრონომები ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ დედოფლისწყაროელი აგრონომები მუნიციპალიტეტში მიწების დამუშავების მხრივ არსებულ ვითარებაზე შემაშფოთებელ დასკვნებს აკეთებენ. გამოცდილი ფერმერი და აგრონომი ჯემალ კვანჭილაშვილი მძიმე სურათზე ამახვილებს ყურადღებას. ამ საკითხზე კვანჭილაშვილი გაზეთ "შირაქთან" ვრცლად საუბრობს: "ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ხალხის დიდი ნაწილი გაღატაკებულია და უიმედობაშია ჩავარდნილი. მინდვრების უდიდესი ნაწილი ჯერაც მოუხვნელია. სულ 10% არ იქნება მოხნული. ისიც უამინდობის და ხანგრძლივი გვალვის შედეგად ისეთი გორახიანია, მისი დაშლა ძალიან გაჭირდება. ამინდის ჭირვეულობასთან ერთად ხვნას აფერხებს საწვავის სიძვირე. შეიძლება საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე ეს ფასები მისაღებიც კი იყოს, მაგრამ ჩვენნაირი ეკონომიკური მდგომარეობის ხალხისთვის ძალიან მძიმე დასაძლევია. გასაგებია, რომ მიწა ძირითადად კერძო საკუთრებაში გადავიდა და ბევრიც იჯარითაა გაცემული, მაგრამ ვფიქრობთ, მთავრობა მაინც უნდა ზრუნავდეს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ამ პირობებში მოსახლეობა ერთადერთ მარჩენალ მიწას თავს გაანებებს, ხვნა-თესვას შეეშვება, უარესად გაღატაკდება და დაკნინდება. დღეში სულ მცირე 10 კაცი მაინც მირეკავს "მიწას ვყიდი და იქნებ მსურველი ვინმე იცოდეო. გამყიდველი ბევრია, მყიდველი " თითქმის არავინ. ხალხი აღარ დაეძებს ვინ იყიდის "ქართველი, ჩინელი, ებრაელი, მუსულმანი თუ ქრისტიანი. ეს ძალიან შორს მიმავალი არც თუ ისე სასურველი პროცესია ჩვენი ერისთვის. ამიტომ ვამბობ, სოფლის მეურნეობა პირველი რიგის პრიორიტეტად უნდა გამოაცხადოს მთავრობამ და გრანტები, სუბსიდიები თუ შეღავათიანი და გრძელვადიანი კრედიტები აქეთ მომართოს. კრედიტების აღებას ჩვენს რაიონში ჯერ კიდევ ეს ყბადაღებული 2000 წლის გადაუხდელი ქირა და საურავები აფერხებს და... ერთი სიტყვით, მდგომარეობა საგანგაშოა"-- აცხადებს აგრონომი.
* * *
ჟურნალისტებზე გაბუტული გელა თეთრაული სასამართლოთი იმუქრება

გამგებლის უცვლელი მოადგილე, ამჯერად საკრებულოში გადატყორცნილი აგრარულ საკითხთა გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გელა თეთრაული "ქიზიყის" ჟურნალისტებს გაებუტა. დეპუტატი ამბობს, რომ აღარ გველაპარაკება და სასამართლოში ჩივილს გეგმავს. ამის შესახებ გელა თეთრაულმა საკუთარ კაბინეტში მისულ"ქიზიყის" ჟურნალისტს თამილა გურაშვილს განუცხადა:

,,ჩემზე რომ დაწერეთ, სოფელ წითელწყაროში სოფლის პროგრამის სამუშაოები მუქთად განხორციელდა, სამშენებლო მასალები ბიზნესმენებს უფასოდ მოატანინეს, გამოყოფილი ფული კი ჯიბეში ჩაიდესო, ამის გამო აღარ გელაპარაკებითო- ასე მომაძახა გელა თეთრაულმა. მერე მუქარა და ყვირილიც დაიწყო, შენც უნდა გიჩივლო სასამართლოში და შენს რედაქტორსაცო, რეებს წერთო. ყველაფერი ამობეჭდილი მაქვს და გიჩივლებთ. თქვენს გამო ადრე მთელი კვირა პროკურატურაში მატარესო. თავს რატომ არ მანებებთო... ასეთი იყო გელა თეთრაულის პოზიცია. ჩვენ კომენტარი გვინდოდა გერმანელი ბავშვების მიერ დედოფლისწყაროში ნერგების დარგვასთან დაკავშირებით და ამ ნაბიჯით თეთრაულმა ფაქტობრივად ინფორმაცია დაგვიბლოკა. არაფერი არ გვითხრა და კაბინეტიდან ცივად გამოგვისტუმრა. წყნარად ავუხსენით, რომ სოფელ წითელწყაროში განხორციელებულ სამუშაოებში მას არა გაზეთი "ქიზიყი" ან მისი რომელიმე თანამშრომელი, არამედ საქმეში ჩახედული ადამიანები ადანაშაულებდნენ და ჟურნალისტები არაფერ შუაში ვართ. წესით, თეთრაულს ამის ახსნა არ უნდა სჭირდებოდეს, რადგან ამასწინათ "ქიზიყში" გამოქვეყნებულ სტატიაშიც გარკვევით ეწერა, კონკრეტულად ვინ უყენებდა ბრალდებებს. ვფიქრობთ, რომ თეთრაული იმიტომ გაღიზიანდა, რომ ჩვენ მისთვის უხერხულ საკითხს შევეხეთ. ანუ, სამშენებლო სამუშაოები ისე განხორციელდა, ფული არაფერში გადაუხდიათ, ყველაფერი მეწარმეებმა სოფელს აჩუქეს, თუმცა სოფლის პროგრამიდან თანხა მაინც გამოიყო. ამას კითხულობს სოფელ წითელწყაროს მოსახლეობა, რომ სად წავიდა თანხა, თუკი ის მასალებში არ გახარჯულა. თეთრაულს ბრალი სწორედ საქმეში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა და სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა წაუყენეს და ირწმუნებიან, რომ სოფლის პროგრამის თანხები წითელწყაროს მაჟორიტარმა გელა თეთრაულმა, სოფლის რწმუნებულმა ტარიელ ღარიბაშვილმა და სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელმა ილია ჯინაშვილმა ჯიბეში ჩაიდეს. მათ კონკრეტული ფაქტები და გვარები დაასახელეს და ჩვენთვის გაუგებარია "ქიზიყს" მის გამოქვეყნებაზე უარი რატომ უნდა ეთქვა". - აცხადებენ "ქიზიყის" რედაქციაში.

ამდენად, გელა თეთრაული გაბუტულია და "ქიზიყთან" საუბრის სურვილი აქვს. ახლა, ვერც ჩვენ ვიტყვით იმას, რომ მისი სურათი გულის ჯიბით დაგვაქვს, ანდა სიამოვნებით მივმართავთ ხოლმე ამა თუ იმ საკითხზე კომენტირებისას, მაგრამ საჯარო მოხელე (ამ შემთხვევაში თეთრაული) ვალდებულია, პირადი შეხედულებები გვერდით გადადოს, თმენის ვალდებულება გამოიყენოს და ჟურნალისტს საინტერესო კითხვებზე პასუხი გასცეს.

ცივილური ფორმების ნაცვლად გელა თეთრაულმა კვლავაც აკრძალულ მეთოდებს მიმართა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სასამართლოთი დაემუქრა. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ, სასამართლოში გავარკვიოთ. მანამდე კი "ქიზიყი" იმედს გამოსთქვამს, რომ საგამოძიებო ორგანოები სოფელ წითელწყაროში განხორციელებული სოფლის პროგრამის ფარგლებში დახარჯული თანხების მიზნობრიობით დაინტერესდებიან და სიმართლის გარკვევას რეალურად ეცდებიან. /ქიზიყი/
* * *
გერმანელი ბავშვები დედოფლისწყაროში ხეებს დარგავენ

როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გაუდაბნოებასთან ბრძოლას გერმანული მხარის დაფინანსებით ახდენს. ადგილობრივი ხელისუფლება, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის სპეციალისტებთან და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლებისა და ტყის კორომების აღდგენის მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს. დედოფლისწყაროში რამდენიმე ადგილას უკვე დაირგა ნერგების გარკვეული ნაწილი.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, "არწივის ხეობის" მიმდებარე ტერიტორიაზე ნერგების დარგვას გერმანული მხარე თავად გერმანიიდან ჩამოყვანილი მოზარდების დახმარებით მოახდენს. ღონისძიება ამ დღეებში იგეგმება, თუმცა მის დაწყებას უამინდობა აფერხებს. "ქიზიყის" გაოცება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ გერმანელი მოზარდების სტუმრობის შესახებ დედოფლისწყაროს გამგეობაში ინფორმაცია "არავინ იცის"... მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე ფლობს ინფორმაციას, რომ ამ ღონისძიებისთვის 114 000 ლარი უკვე ჩაირიცხა.
"ქიზიყმა" კი გაარკვია, რომ გერმანელი ბავშვები დედოფლისწყაროში სწორედ პროექტის ხელმძღვანელს დიტერ მიულერს ჩამოჰყავს. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი მერაბ ფიროსმანაშვილი გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ "არწივის ხეობა" ნაკრძალის დაცულ ტერიტორიებში შედის, ამდენად, ხეების დარგვა იქ ვერ მოხერხდება და პროცესი მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს საკრებულოს აგრარულ საკითხთა გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გელა თეთრაული, თუმცა როგორც თეთრაულმა "ქიზიყს" განუცხადა, ის ჩვენი მუშაობით განაწყენებულია და "არ გელაპარაკებით, საუბარი არ მსურსო" მოგვაძახა. ინფორმაციის გადამოწმებას დედოფლისწყაროს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტთან ანა ბენაშვილთან ვეცადეთ, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ანა ბენაშვილის პასუხი ტრადიციულად მრავლისმთქმელი იყო: ,,არ ვიცი!"... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გერმანელების ვიზიტზე ინფორმაციას არ ფლობს დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილიც... ,,რა გითხრათ აბა... ამაზე ჯერჯერობით არაფერი მსმენია"... - განაცხადა გამგებელმა..
რადგან არავინ არაფერი იცოდა, "ქიზიყი" საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ბაღაშვილს დაუკავშირდა. ბევრი რამ ვერც ბაღაშვილმა გვითხრა, თუმცა აღნიშნა, რომ თანხა უკვე გადმოირიცხა: ,,გერმანული მხარისგან 144 ათასი ჩამოირიცხა, ეს იდეაშია. ჯერ დეტალები არ ვიცი. გავერკვევი და რაკი თეთრაული განაწყენებულია და არ გელაპარაკებათ, ამ საკითხში გავერკვევი და კომენტარს მე მოგცემთ..." - აცხადებს ლევან ბაღაშვილი. /ქიზიყი/
* * *
სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის კიდევ ერთი მოქალაქე დააჯარიმა

დედოფლისწყაროს შს პოლიციის სამმართველოს მიერ ე.წ. ნარკომომხმარებელთა დაკავება გრძელდება.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს პოლიციაში განუცხადეს, ამ დღეებში ექსპერტიზის ჩასატარებლად ათეულობით მოქალაქე სიღნაღში გადაიყვანეს. რამდენიმე დამნაშავეს, რომელთაც ექსპერტიზამ ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი დაუდგინა, 500 ლარიანი ჯარიმა გასულ დღეებში უკვე შეეფარდა, 54 წლის იოსებ მათეშვილი კი თანხის გადაუხდელობის გამო ნარკოტიკების მოხმარებისთვის მომდევნო 10 დღეს საპატიმროში გაატარებს. ამჯერად, ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანას“ მოხმარებისთვის დედოფლისწყაროს პოლიციამ ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები 1977 წელს დაბადებული რამაზ ჯიბღაშვილი დააკავა.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, დედოფლისწყაროს სასამართლომ ჯიბღაშვილს 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შეგახსენებთ, მოსახლეობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ზოგიერთი თანამშრომლის მიერ ნარკოტიკების შესაძლო მოხმარების შესახებ ეჭვებს ღიად გამოსთქვამს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს ეჭვების გაქარწყლების მიზნით, თვითმმართველობის ორგანოში მასშტაბური ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას ურჩევს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 5 октября 2010 г.

გაზეთი „შირაქი“ არხილოსკალოს პოლიციის განყოფილების დაფინანსების შესახებ შეცვლილ ინფორმაციას აქვეყნებს

„გადამალული“ პოლიციის მერსედესი, გამგებლის შეუმჩნეველი ბრძანებები და შეცდომაში შეყვანილი მოსახლეობა...

„არხილოსკალოს ქვეგანყოფილება, რომელიც 14 თანამშრომლით არის დაკომპლექტებული, თანამედროვე სტანდარტების ტიპიურ გამჭვირვალე შენობაში დაიდებს ბინას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ქვეგანყოფილების შენობის ეზოს კეთილმოწყობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 785 ლარი გამოყო, რომელიც სრულად იქნა ათვისებული“. - წერს დედოფლისწყაროს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ბენაშვილი, გაზეთ „შირაქში“ ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია: „ლენტი მინისტრმა გაჭრა“.

სტატიის კითხვისას მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან არხილოსკალოს განყოფილებისთვის მხოლოდ 42 785 ლარი დაიხარჯა. არადა ჯერ ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყსა“ და მოგვიანებით რამდენიმე გამოცემაში ზედიზედ დაიბეჭდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს გამგეობამ პოლიციის ახალ განყოფილებას ჯერ 67 000 ლარი ჩაურიცხა, შემდგომ 22 ათას ლარად ღირებული ავტომობილიც შეუძინა და დამატებით სხვა ბრძანების მიხედვით 17 114 ლარიც გამოყო.

გაზეთ „შირაქში“ ანა ბენაშვილის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში კი არაფერია ნათქვამი არც ახალ ავტომობილზე და არც რამდენჯერმე გამოცემულ ბრძანებებზე, რომელშიც საკმაოდ მსხვილი ციფრებია მოცემული.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალური ბიუჯეტიდან პოლიციისთვის ავტომობილის შეძენის საკითხიც „შირაქმა“ და ანა ბენაშვილმა შეგნებულად გაასაიდუმლოეს. თუმცა, მადლობა ღმერთს, ეს ფაქტები „ქიზიყის“ წყალობით არაერთმა გამოცემამ იმავე დღეებში გაახმაურა...

რეალობა კი სულ სხვაგვარია: როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი ქედების ზონის პოლიციის განყოფილებისთვის თანამედროვე სტანდარტების შუშის გამჭვირვალე შენობის ასაგებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 000 ლარი გამოუყო. საკითხს მხარი უკლებლივ ყველა დეპუტატმა დაუჭირა.
ექსპერტების განცხადებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება ისეთი დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც კანონით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პოლიციის რაიონული სამმართველოები კი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

ამას გარდა, დგილობრივი ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხით დაფინანსდა ქედების ზონის განყოფილებისთვის ავტომობილის შესყიდვაც. ამჯერად, გამგეობამ პოლიციის სამმართველოს მანქანის შესაძენად 21 570 ლარი ჩაურიცხა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის 2010 წლის 13 აგვისტოს # 378-ე ბრძანების საფუძველზე ფიზიკურ პირს დავით გელაშვილს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 21 570 ლარი შსს-სთვის 1 ერთეული მერსედეს-ბენც C-500 საქონლის შესყიდვისთვის ჩაერიცხა.
დედოფლისწყაროში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიციის განყოფილების მოწყობისთვის ზრუნვა ამით არ დასრულებულა, "ქიზიყმა" გამგებლის კიდევ ერთი ბრძანება მოიპოვა, რის მიხედვითაც პოლიციის განყოფილებას კიდევ 17 ათას ლარზე მეტი ჩაერიცხა.

კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის 2010 წლის 6 სექტემბრის # 498-ე ბრძანების საფუძველზე შპს „ტექნოთერმს“ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული თანხებიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 114 ლარი გამოეყო
„ქიზიყი“ ვითარების გარკვევას პირადად სტატიის ავტორთან შეეცადა. ვიფიქრეთ, ეს ან უნებლიე შეცდომა იყო, ან სტამბის მიერ დაშვებული ხარვეზი, თუმცა ანა ბენაშვილი გაზეთ „ქიზიყთან“ ამ საკითხის კომენტირებისას ხაზგასმით ირწმუნება, რომ დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან მხოლოდ 42 785 ლარი გაიხარჯა.

ანა ბენაშვილი: „ეს ციფრი მე გამგეობის საფინანსო სამსახურმა მომაწოდა. ანუ, ეს არის თანხა რომელიც უშუალოდ გაიხარჯა, ეზოსა და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ჯერჯერობით, არხილოს ქვეგანყოფილებაში 42 785 ლარი დაიხარჯა...
-- კი მაგრამ, საკრებულოს სხდომას პირადად თქვენც ესწრებოდით, სადაც რამდენჯერმე დაფიქსირდა, რომ არხილოსკალოს ქვეგანყოფილებისთვის 67 ათასი ლარი გამოიყო. სტატიაში ასევე არსადაა დაფიქსირებული, რომ ამავე განყოფილებისთვის ახალი ავტომობილის შესაძენად ადგილობრივმა ბიუჯეტმა 22 ათას ლარამდე გადარიცხა...
-- არ ვიცი... მე ეს მასალა საფინანსო სამსახურზე დაყრდნობით მოვამზადე... ოფიციალურად ასეთი მონაცემები მომაწოდეს“... - აცხადებს ბენაშვილი.

ცნობისთვის: გამგეობის მიერ გამოცემულ ოფიციალურ ბრძანებებშიც შავით თეთრზე წერია:
1) თავდაპირველად გამოიყო 67 ათასი ლარი,
2) 13 აგვისტოს # 378-ე ბრძანება - 21 570 ლარი ავტომობილისთვის,
3) 6 სექტემბრის # 498-ე ბრძანება - 17 114 ლარი...

ნათქვამია, ფიცი გვწამს, ბოლო მაკვირვებსო?!...

P.S. თუ სწორად მახსოვს, ბენაშვილი 2009 წლის ივნისში გაზეთ „შირაქში“ გამოქვეყნებულ თავისსავე „სტატიაში“ პროვოკატორსა და ფაქტების გამყალბებელ ჟურნალისტად ილია მარტყოფლიშვილს მოიხსენიებდა... ეს მაშინ, როცა თავად...

ილია მარტყოფლიშვილი


* * *
კულტურის სამსახურის შეფი მიიჩნევს, რომ თეატრის მოწვევა ფულის უაზრო ფლანგვაა


დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქიდან თეატრების მოწვევა და სხვადასხვა სპექტაკლების დედოფლისწყაროში გამართვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულის უაზრო ფლანგვაა. ამგვარი კომენტარი ყოჩიაშვილმა ადგილობრივ გაზეთ "შირაქთან" საუბარში გააკეთა. კულტურისა და სპორტის სამსახურის თავკაცი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ღირებულებები შეიცვალა: -- ბატონო გიორგი, გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი რაიონის მცხოვრებლები საკმაოდ მოკლებულნი ვართ თეატრალურ ხელოვნებასთან ახლოს ზიარებას. შესაძლებელია თუ არა, რომ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, სეზონზე ერთხელ მაინც მოგვანიჭოთ ეს სიამოვნება?"

-- ამაზე ჩვენც ხშირად გვიფიქრია, ვიცით, რომ ეს საზოგადოებისთვის ერთობ საჭიროა, თუმცა, რეალობა ცოტა სხვაგვარია. მოგეხსენებათ, ეს სიამოვნება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. წელს, 12 ივლისს, რუსთაველის თეატრი გვეწვია რაიონის კულტურის სახლის სცენაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ეკონომიურად უჭირს, თანხა ბიუჯეტმა გაიღო, ხალხს მოსაწვევები დავურიგეთ და უფასოდ მოვიწვიეთ, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ დარბაზი სანახევროდ ცარიელი იყო, რასაც, ნამდვილად, არ მოველოდით. ჩანს, მოსახლეობისთვის სხვა ღირებულებებმა წამოიწია წინ, ვიდრე თეატრია. ყოველივე ამის შემდეგ ძნელია, ვიმუშაოთ თეატრის მოწვევის საკითხზე, ტყუილად გავიღოთ საკმაოდ დიდი თანხები და უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდეთ მსახიობთა წინაშეც". - განმარტავს გიორგი ყოჩიაშვილი. /ქიზიყი/
* * *
პოლიციამ დედოფლისწყაროში რამდენიმე ნარკომომხმარებელი დააკავა


შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველომ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი სამი პირი დააკავა.

ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრებ 54 წლის იოსებ მათეშვილს დედოფლისწყაროს სასამართლომ 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო1978 წელს დაბადებულ გურამ პოპიაშვილს, მეტსახელად "სკუპას" და კიდევ ერთ დაკავებულს ჯარიმის სახით 500-500 ლარის გადახდა შეეფარდათ.

როგორც დედოფლისწყაროს პოლიციაში ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, ექსპერტიზაზე კიდევ რამდენიმე პირია გადაყვანილი. საქმეში დეტექტივ-გამომძიებელი ლევან ნატროშვილი იყო ჩართული.

დედოფლისწყაროელები მომხდარს დადებითად აფასებენ, თუმცა, იქვე იმასაც მიანიშნებენ, რომ პოლიციამ დედოფლისწყაროში მხოლოდ "ლიფსიტები" დააკავა, მსხვილი ნარკომომხმარებლები კი კვლავაც თავისუფლად თარეშობენ.

მოსახლეობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ზოგიერთი თანამშრომლის მიერ ნარკოტიკების შესაძლო მოხმარების შესახებ ეჭვებს ღიად გამოსთქვამს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს ეჭვების გაქარწყლების მიზნით, თვითმმართველობის ორგანოში მასშტაბური ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას ურჩევს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით ახალგაზრდები პროექტებს წელსაც განახორციელებენ


ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის "ახალგაზრდული იდეა" ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ახალგაზრდული პროექტები შემდეგ თემატიკაზე: "სამოქალაქო საზოგადოება და აქტიური მოქალაქეობა, როგორც დემოკრატიის კომპონენტი". როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, უკვე გამოვლინდა 5 გამარჯვებული პროექტი, რომელთაც დაფინანსება მიიღეს: "ტრენინგი ახალგაზრდებისთვის", "არჩევნები და სკოლა", "გავხდეთ აქტიური მოქალაქეები", "სამოქალაქო განათლება", "წინ სამოქალაქო ცხოვრებისაკენ". პროექტების განხორციელება 2 ოქტომბრიდან დაიწყო და 2 თვეში უნდა დასრულდეს. შეგახსენებთ, ამ ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროელმა ახალგაზრდებმა პროექტები გასულ წელსაც განახორციელეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

пятница, 1 октября 2010 г.

გარემოს დაცვის რეგიონალურ სამსახურს მუქარაში და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ

გარემოს დაცვის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსს სოსო წყალობაშვილს და სატყეოს უფროსს პეტრე მაზმიშვილს, ასევე რეინჯერს მამუკა ლეკაშვილს მუქარაში და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში მცხოვრები გლეხი ჯემალ კოხტაშვილი უკვე რამდენიმე წელია სოფლის ტერიტორიაზე ტყის გაჩანაგებაზე წუხს. უსამართლობას ვერაფრით შეეგუა და დამნაშავეთა დასჯის მიზნით ბრძოლა დაიწყო. კოხტაშვილმა განცხადება პროკურატურაშიც შეიტანა და განაცხადა, რომ ხეების გაჩანაგების საქმეში დანაშაული იმ თანამდებობის პირებს მიუძღვით, ვისაც მათი დაცვა პირველ რიგში ევალებათ... „ქიზიყი“ კომიკური საქმის უცნაური დეტალებით დაინტერესდა და ბევრი საინტერესო და მოულოდნელი რამ შეიტყო.
სიმართლის ძიებაში დაღლილი ოზაანელი გლეხი ჯემალ კოხტაშვილი გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი აქტიურობით ადრესატები განაწყენდნენ, დაემუქრნენ, შემდეგ კი დოკუმენტები გააყალბეს და ყალბი აქტი გამოუწერეს, რის გამოც სასამართლოში სიარული უხდება.

ჯემალ კოხტაშვილი: „უკვე რამდენი ხანია სიმართლის დასადგენად ვიბრძვი. ოზაანში 4 000-ზე მეტი ჰექტარი ტყე განადგურდა და ამით ბევრმა იხეირა, მათ შორის მისმა დამცველებმა. პროკურატურაში რომ შევიტანე, განაწყენდნენ. ტყეში სარეინჯერო ქოხი აქვთ და რეინჯერმა მამუკა ლეკაშვილმა იქ დამიბარა. რომ მივედი მუქარა დამიწყო, რას გადამეკიდე, თავი დამანებეო... მერე ხმას აუწია, ომი გვექნება და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებსო, ისეთ საქმეს „შეგტენი“ არ გაგახარებო... ამის მერე თელავიდან კომისია მოვიდა... მხოლოდ 2 ჰექტარი შეამოწმეს, ანუ ათასობით ჰექტარი გაჩანაგდა ამის გამოკვლევას ვითხოვ და მხოლოდ 2 ჰა შეამოწმეს, სადაც აღმოჩნდა 347 ძირი ხე იყო მოჭრილი, ეს დააფიქსირეს... სოსო წყალობაშვილმა თქვა, მერე რამეს ვიზავთო, კომისიას გამოვგზავნითო და წავიდა...
ურემით ფიჩხს ვაგროვებ ხოლმე... ხმელ ტოტებს... ჩემზე დიდი ბუნების დამცველი და გულშემატკივარი არ მეგულება, მაგრამ ამ წვრილი ტოტების მოგროვების დროს დამიჭირეს და ვინც მემუქრებოდა ამ რეინჯერებმა სამაგიეროს გადახდის მიზნით აქტი დამიწერეს, გააყალბეს და ჩაწერეს, თითქოს 20 ძირი ხის მოჭრის ფაქტზე დამიჭირეს. არადა, პირიქით, სიმართლის დასადგენად და ამ ტყის გამჩანაგებელთა დასასჯელად მე ვიბრძვი. ამათ კი სამაგიერო ასე გადამიხადეს, რომ შევშინდე და გავჩუმდე, მაგრამ არ გავჩუმდები... ან, როგორ გავჩუმდე, როცა ჩემს მშობლიურ სოფელში 4 000 ჰექტარი ტყე გაჩანაგდა და ამაში იმათი ხელია გასვრილი ვინც უნდა იცავდნენ ჩვენს ბუნებას. არადა, აქეთ შემომედავნენ და პირიქით მე მიჩივლეს“
- აღშფოთებას ვერ ფარავს კოხტაშვილი.

ამ დავის შესახებ „ქიზიყი“ ორიოდ თვის წინაც წერდა. კოხტაშვილის ბრალდებებს „ქიზიყმა“ დიდი ადგილი დაუთმო. მოსახლეობა ირწმუნება, რომ ათასობით ჰექტარი ხე-ტყე სწორედ გარემოს დაცვის რეგიონალური სამსახურის თანამშრომლების წყალობით გაჩანაგდა...

დედოფლისწყაროს სასამართლოში კოხტაშვილის საქმის განხილვა 1 ოქტომბერს გაიმართა. მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით საქმის განხილვა შეწყდა და ჯემალ კოხტაშვილს მხოლოდ 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. /ქიზიყი/

თამილა გურაშვილი
ილია მარტყოფლიშვილი



* * *
სოფელ ჯაფარიძეში სერაფიმეს ტაძარს ბიძინა ივანიშვილი აღადგენს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში, სადაც ქრისტიანული ტაძარი წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა, ეკლესიის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღდგენით სამუშაოებს შპს „სტანდარტი A“ აწარმოებს.

ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სოფელ ჯაფარიძეში სერაფიმ-საროველის სახელობის ტაძარბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ძეგლთა გადარჩენის ფონდი“ აფინანსებს. ამ წმინდანის სახელობის ტაძარი საქართველოში ერთადერთია და ისიც მხოლოდ დედოფლისწყაროს რაიონის ამ სოფელში.

ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მანამდეც მოსახლეობის შემოწირულობებით რამდენჯერმე დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ შენობა მცოცავ ნიადაგზეა აგებული, კედლები მორღვეულია და საკმაოდ მძიმე ვითარებაშია. მისი საფუძვლიანი შეკეთება კოლოსალურ თანხებს მოითხოვს, რის გამოც ტაძრის აღდგენა წლების მანძილზე ჭიანურდებოდა.

ათეულობით წლების განმავლობაში სერაფიმ-საროველის ტაძარი დაკეტილი იყო, სოფლის მოსახლეობას კი წირვაზე დასწრებისა და სანთლის ანთების საშუალება არ ჰქონდა. ადგილობრივები ამ ფაქტზე წუხილს მუდმივად გამოხატავდნენ, თუმცა საკუთარი სახსრებით ვერაფერს ახერხებდნენ.

ამ კუთხით სახელმწიფოსაც არაფერი გაუკეთებია და თანხა არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილა.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ცნობილ ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილს დახმარება დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზ ლომსაძემ სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. /ქიზიყი/